29 ნოემბერი 2024,   07:49
ვრცლად
ჩვენი ამოცანაა დავაახლოოთ საქართველო ევროპასთან ყველა განზომილებაში - პრემიერი

COVID პანდემიის გამო განსხვავებულ ფორმატში ტარდება საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრა. ელჩების წლევანდელი ონლაინკონფერენციის განხილვის მთავარი თემა გლობალური პანდემიის პირობებში საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები, ახალი გამოწვევები და შესაძლებლობებია.

შეხვედრაში მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა და პარლამენტის თავმჯდომარემ. აქცენტი ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციასა და 2024 წლისთვის ევროკავშირში ინტეგრაციაზე განაცხადისთვის ქვეყნის მომზადებაზე გაკეთდა. 

გიორგი გახარიამ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლებს მოუწოდა, რომ შემდეგი 4 წელი ქვეყნის ძირითადი ამოცანა ევროკავშირში სრულფასოვან წევრობაზე განაცხადის გაკეთება იქნება.

"4 წლიანი საარჩევნო ციკლის ძირითადი ამოცანა იქნება, როგორ მოვამზადოთ ქვეყანა მისი ისტორიული მიზნის, ისტორიული ოცნების განსახორციელებლად, შესაძლებელი გავხადოთ განაცხადის გაკეთება სრულფასოვან წევრობაზე ევროკავშირში. 21 წლის სამუშაო გეგმაშიც, რა თქმა უნდა, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შემდგომი გაღრმავება იქნება ნომერ პირველი პრიორიტეტი. დავაახლოოთ ყველა განზომილებაში, მათ შორის ფიზიკურ განზომილებაში საქართველო ევროპასთან, ეს არის ჩვენი ძირითადი მიზანი. ყველა მიმართულებით - ეკონომიკა, ბიზნესი, კულტურა, განათლება,"- განაცხადა გიორგი გახარიამ. 

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ეკონომიკის აღდგენისა და გაძლიერებისათვის მთავრობას პარლამენტის სრული მხარდაჭერა ექნება.

"მთავრობას ექნება სრული საკანონმდებლო მხარდაჭერა, რომ ეკონომიკის სფეროში ჩვენ შევძლოთ სწრაფი აღდგენის უზრუნველყოფა, შევძლოთ ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და შევძლოთ თითოეული ჩვენი თანამოქალაქის ოჯახში უფრო მეტი ეკონომიკის უზრუნველყოფა," - აცხადებს არჩილ თალაკვაძე. 

დღის ამბები