29 ნოემბერი 2024,   03:49
ვრცლად
"შეიძლება ტრანსპორტი იყოს ის შეზღუდვა, რომელიც ნაკლებად მტკივნეული შესანარჩუნებელია" - მაია ცქიტიშვილი შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით

ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, გადაწყვეტილება 24 დეკემბრიდან შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით მთავრობას ჯერ არ მიუღია.

როგორც მან "დღის კურიერის" ეთერში აღნიშნა, მთავრობა ბიზნესისგან ელოდება გარანტიებს იმასთან დაკავშირებით, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული მოქმედი რეგულაციები ზედმიწევნით შესრულდება. 

"სწორედ იმიტომ, რომ არ დავუშვათ ვითარების უკონტროლობა, ვმუშაობთ ბიზნესთან იმისთვის, რომ დავრწმუნდეთ, იმ შემთხვევაში, თუ შეზღუდვების შემსუბუქების შესახებ იქნება გადაწყვეტილება მიღებული, ვითარება კვლავ უკონტროლო არ იქნება. ჩვენ, ასევე, გვესმის, რომ საახალწლო პერიოდში ძალიან აქტიური  ვაჭრობაა და სწორედ ამ პერიოდის გამო სჭირდება ბიზნესს, რომ გაიხსნას სავაჭრო ქსელები, თუმცა, ეპიდემიოლოგიურად ძალიან მაღალი რისკების შემცველია. აქ არის ამ ბალანსის პოვნის საჭიროება იმ გარკვეული შეზღუდვების დაცვის თვალსაზრისით. ჩვენ ყველანი ერთად უნდა დავრწმუნდეთ იმაში, რომ არ იქნება უბრალოდ ზეპირი გარანტიები, არამედ მას ექნება აღსრულების რეალური შესაძლებლობა. სწორედ ამას ემსახურება ეს შეხვედრები ბიზნესის წარმომადგენლებთან.

აღვნიშნავ, რომ გადაწყვეტილება საბოლოოდ მიღებული არ არის შეზღუდვების მოხსნასა თუ შენარჩუნებაზე. ჩვენ ჯერ კიდევ ვართ კონსულტაციების პროცესში როგორც ბიზნესთან, ისე სპეციალისტებთან იმისთვის, რომ ოპტიმალური ბალანსი ვიპოვოთ, რომელიც მოგვცემს საშუალებას, ერთი მხრივ, შევინარჩუნოთ და გავაუმჯობესოთ ეს შედეგი, რაც გვაქვს და მივცეთ ბიზნესსაც საშუალება, რომ შეინარჩუნონ სამუშაო ადგილები,"- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მაია ცქიტიშვილის ინფორმაციით, გადაწყვეტილება საქალაქთაშორისო და საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენასთან დაკავშირებით მიღებული არ არის, თუმცა, მისი ვარაუდით, არსებული შეზღუდვები ძალაში დარჩება. 

"ამ თემასთან დაკავშირებითაც საბოლოო გადაწყვეტილებას ვერ გეტყვით. ამერიკული ინსტიტუტის მონაცემებით, რომელსაც ვეყრდნობით, მობილური ტელეფონების მომხმარებლების გადაადგილების სტატისტიკის მიხედვით, დაფიქსირებულია მობილობის მკვეთრი შემცირება საქართველოში. ისეთი მკვეთრი არა, როგორც ჩვენ გვინდა, მაგრამ 40%-იანი შემცირება გვაქვს. დიდწილად, ეს არის ტრანსპორტის და გადაადგილების შეზღუდვის გამო. შესაბამისად, რადგან ტრანსპორტის ფუნქციონირება პირდაპირ არაა დაკავშირებული ბიზნესაქტივობასთან, შეიძლება ტრანსპორტი იყოს ის შეზღუდვა, რომელიც შეიძლება ნაკლებად მტკივნეული შესანარჩუნებელი იყოს,"- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა. 

დღის ამბები