29 ნოემბერი 2024,   03:43
ვრცლად
არჩევნები რომ არ არის გაყალბებული, ოპოზიციამაც იცის, მერჩივნა დღეს პარლამენტში ოპოზიცია ყოფილიყო - ივანე მაჭავარიანი

პარლამენტში მთავრობის ეკონომიკური გუნდის მოსმენა 6 საათი გაგრძელდა. მინისტრობის კანდიდატებმა კანონმდებლებს მომავალი 4 წლის სამთავრობო პროგრამა გააცნეს.

მინისტრობის კანდიდატების განმარტებით, ის, რომ დღევანდელ განხილვებს ოპოზიცია არ ესწრებოდა, მათთვის დისკომფორტს წარმოადგენდა. როგორც მინისტრობის კანდიდატებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, უმჯობესი იქნება თუ ოპოზიციის წევრები ამომრჩევლების ნებას გაითვალისწინებენ და საკანონმდებლო პროცესში ჩაერთვებიან.

"ჩვენი გუნდის სურვილი ყოველთვის იყო, რომ ოპოზიცია ნაცვლად იმისა, რომ ბოიკოტის გზას დადგომოდა, შეესრულებინა ის დავალება და მისია, რაც მათმა ამომრჩეველმა დააკისრა. ასევე ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატისთვის დაესვათ მწვავე კითხვები, ამის ნაცვლად ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი კვლავ ქუჩის გზას არჩევენ, რაც არ არის ჩვენი საზოგადოების მოლოდინი და დაკვეთა," - განაცხადა ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ.

"ის, რომ არჩევნები არ არის გაყალბებული, ოპოზიციამაც იცის. უბრალოდ არჩევნების შედეგი არ აღმოჩნდა ისეთი და საკმარისი იმისთვის, რომ ოპოზიციიის დიდი ნაწილი შემოსულიყო. ეს დისკომფორტს მიქმნიდა, არ დაგიმალავთ. მე მერჩივნა დღეს ოპოზიცია ყოფილიყო, ასევე მირჩევნია იყოს ბიუჯეტის განხილვის დროს, არა იმიტომ, რომ მსიამოვნებს კრიტიკა, არამედ იმიტომ, რომ თუ არსებობს პატარა შანსი მაინც, რომ იქნება კრიტიკა ისეთი, რაც რაღაცას გადაგვახედინებს, გვაიძულებს, რომ უკეთ გავაკეთოთ, ეს კრიტიკა უნდა გამოვიყენოთ," - აღნიშნა ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა ივანე მაჭავარიანმა.

გარდა ამისა, მინისტრობის კანდიდატებმა იმ გეგმებზე ისაუბრეს, რომლის განხორციელებასაც მომავალი წლების განმავლობაში გეგმავენ.

"პანდემიის მიუხედავად ჩვენ შევძელით 6 000-ზე მეტი პროექტის დაფინანსება, განხორციელება და ამ მიმართულებითაც უკვე დღეის მდგომარეობით გვაქვს გადაჭარბებით შესრულებული ის ბიუჯეტი, რომელიც გვქონდა 2020 წელს გამოყოფილი. გვქვს ძალიან ბევრი გეგმები, ძალიან ბევრი მიმდინარე პროექტი, რომელიც საჭიროებს დასრულებას," - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა მაია ცქიტიშვილმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატის ლევან დავითაშვილის განცხადებით,  მისი გუნდის პოლიტიკა არის ძალიან თანმიმდევრული, ეფუძნება ევროპის საუკეთესო გამოცდილებასა და პრაქტიკებს

დღის ამბები