29 ნოემბერი 2024,   03:45
ვრცლად
არასწორად მიგვაჩნია იმ პარტიებზე ასეთი პოლიტიკური წნეხი, რომლებმაც მოითხოვეს დაფინანსება - ლევან იოსელიანი

"ქართული ოცნების" ინიციატივას, საპარლამენტო ბოიკოტის შემთხვევაში პარტიებს დაფინანსება შეუწყდეთ, "მოქალაქეების" და "გირჩის" წარმომადგენლები უარყოფითად აფასებენ.

"მოქალაქეების" ერთ-ერთი ლიდერის ლევან იოსელიანის განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან დაფინანსების თემის ბერკეტად გამოყენება სწორი არ არის. 

"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ უარი გვაქვს ნათქვამი დაფინანსებაზე, მაინც არასწორად მიგვაჩნია იმ პარტიებზე ასეთი პოლიტიკური წნეხი, რომლებმაც მოითხოვეს დაფინანსება. დაფინანსების მიღებასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს აზრთა სხვადასხვაობა, მიგვაჩნია, რომ თუ არ მონაწილეობ საპარლამენტო ცხოვრებაში, დაფინანსება არ უნდა მიიღო, მაგრამ, ხელისუფლების მხრიდან ამის ბერკეტად გამოყენება არ არის სწორი,"- განაცხადა ლევან იოსელიანმა.

"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერის, ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, "ქართული ოცნების" ეს ნაბიჯი იმისთვის, რომ ერთი ოპოზიციური პარტია მაინც შეიყვანოს პარლამენტში, არაადეკვატურია. 

"ჩემი აზრით, ზოგადად, პარტიების ბიუჯეტიდან დაფინანსება ძალიან არასამართლიანი ამბავია, რასაც ჰყავს გაფუჭებული მთელი პოლიტიკური ველი. დღეს, როდესაც მთავარი პრობლემა ის გვაქვს, რომ ერთპარტიული პარლამენტი გვრჩება და მმართველ ძალას უნდა, რომ ერთი ოპოზიციური პარტია შეიტყუოს და ამას აკეთებს იმით, რომ ვიღაცებს აშინებს, უბრალოდ არაადეკვატურია დროში და სივრცეში,"- განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა. 

შეგახსენებთ, პარტიების დაფინანსების წესის შესაცვლელად "ქართული ოცნების" კანონპროექტი პარლამენტში შევიდა. ცვლილებების მიხედვით, საბიუჯეტო დაფინანსებას ვერ მიიღებენ ის სუბიექტები, რომლებიც საპარლამენტო საქმიანობაზე უარს იტყვიან. 

დღის ამბები