როგორ გაუმკლავდება საქართველო კორონავირუსის ახალ შტამს - ამ საკითხზე სპეციალისტები აქტიურად მსჯელობენ. მათ შორის, პირველი ნაბიჯი უკვე გადაიდგა და დიდი ბრიტანეთიდან შემოსული მოქალაქეებისთვის სავალდებულო კარანტინი დაწესდა.
სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ თუ კვლევები ჩატარდება, ახალი შტამის შემთხვევები საქართველოშიც გამოვლინდეს. ჩვეულებრივი კორონავირუსისგან განსხვავებით, მათი განმარტებით, ახალი შტამი მართალია ბევრად უფრო სწრაფად ვრცელდება, თუმცა დაავადება მძიმედ არ მიმდინარეობს.
როგორც ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, კორონავირუსის ახალი შტამი იმდენად შეცვლილი არ არის, რომ მასზე ვაქცინამ არ იმოქმედოს.
"დღეს არსებული მონაცემებით, ვირუსს აი ეს ყველაზე საშინელი თვისება აქვს, მუტაციის შედეგად მიღებულ შტამს, რომ ის იწვევდეს მეტ სიკვდილობას და უფრო მძიმე მიმდინარეობას დაავადებისას - ასეთი დაფიქსირებული არ არის და ეს უკვე ძალიან კარგია. ის არ არის იმდენად შეცვლილი მუტაციის შედეგად, რომ მასზე ვაქცინამ არ იმოქმედოს. ანუ ვაქცინა მოახდენს ამ შტამით ინფიცირების პრევენციასაც და თუ ეს ასეა, ის კოვიდპაციენტები, ვინც გადაიტანეს ინფექცია, მათი იმუნიტეტიც დაიცავს ამ ახალი შტამისგან.
მე რამდენადაც ვიცი ლუგარის ცენტრში დროდადრო ასეთი კვლევები ტარდება, მაგრამ საქართველოში არ დაფიქსირებულა მთლად ასეთი სერიოზული მუტაციები," - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.