29 ნოემბერი 2024,   07:57
ვრცლად
პარტიას, რომლის წევრებსაც საპარლამენტო მანდატები შეუწყდებათ, სახელმწიფო დაფინანსებაც შეუწყდებათ ან ერთი წლით შეუჩერდებათ - ირაკლი კობახიძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ახალი კანონპროექტის მიხედვით, რომელიც პარლამენტში ინიციატივის სახით შევიდა,  პარტიას, რომლის წევრებსაც საპარლამენტო მანდატები შეუწყდებათ, სახელმწიფო დაფინანსებაც შეუწყდებათ, ან ერთი წლით შეუჩერდებათ.

"გუშინ პარლამენტში, ინიციატივის წესით შევიდა კანონპროექტების პაკეტი, რომელიც საპარლამენტო საბოტაჟის წინააღმდეგ არის მიმართული. აღნიშნული პაკეტი ითვალისწინებს სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტასა და შეჩერებას იმ პოლიტიკური პარტიებისთვის, რომლებიც სრულად არ ითვისებენ საპარლამენტო მანდატებს, ან არასაპატიო წესით აცდენენ პარლამენტის პლენარულ სხდომებს.

აღნიშნული კანონპროექტის მიხედვით, პარტიას, რომლის წევრებსაც საპარლამენტო მანდატები შეუწყდებათ, სახელმწიფო დაფინანსება შეუწდებათ ან ერთი წლით შეუჩერდებათ. საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების თანახმად, იგივე  პარტიები ვერ ისარგებლებენ მუნიციპალური და საპარლამენტო არჩევნებისთვის განკუთვნილი უფასო საეთერო დროით. გარდა ამისა, პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილება ითვალისწინებს შრომის ანაზღაურების განულებას იმ პარლამენტის წევრებისთვის, რომლებიც თვის განმავლობაში არცერთ პლენარულ სხდომას არ დაესწრებიან.

საპარლამენტო საბოტაჟი, რომელსაც ახორციელებენ ოპოზიცური პარტიები და მათი ბულინგის ქვეშ მყოფი სხვა პარტიები, არის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედება, რაც სათანადო სამართლებრივ რეაგირებას მოითხოვს, ამგვარ რეაგირებას ითვალისწინებს ჩვენს მიერ ინიცირებული კანონპროექტების პაკეტი, რომელსაც პარლამენტი მომავალი კვირის ბოლომდე დაამტკიცებს," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

 

დღის ამბები