29 ნოემბერი 2024,   03:57
ვრცლად
საგამოძიებო მოქმედებებმა მიგვიყვანა დასკვნამდე, რომ ბაჩალიაშვილის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დასრულებულია - პროკურორი

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი საქმის ფარგლებში მოპოვებულ მტკიცებულებებს გაეცნო. თბილისის პროკურატურაში გამართული შეხვედრის შემდეგ, დაზარალებულმა მხარემ აღნიშნა, რომ სავარაუდოდ, გამოძიება მალე შეწყდება და თვითმკვლელობის კვალიფიკაცია არ შეიცვლება. გარდაცვლილი ახალგაზრდას ოჯახი საგამოძიებო უწყების მუშაობით უკმაყოფილოა.

"საქმის დახურვა უნდათ თვითმკვლელობის ვერსიით, ჯერ არ იციან ვისთან აქვთ საქმე. შეიძლება მაგათთვის ერთი პატარა მოლეკულა ვარ, მაგრამ ხანდახან ზუსტად ის მოლეკულა ხლეჩს ატომს," -აცხადებს თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი.

შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა ადვოკატმა, რომელსაც საქმის პროკურორი მიზანმიმართულად პროცესების ჩიხში შეყვანაში სდებს ბრალს. 

"საპარლამენტო არჩევნები დასრულდა და თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიებაც სრულდება. ეს არ იყო საქმის მასალების გაცნობა, ეს იყო უბრალოდ შეხვედრა და იმ შემაჯამებელი პოზიციის გაცნობა, რასაც ძალიან მალე აპირებს პროკურატურა. ჩემი სიცოცხლის საპირწონედ, ამ საქმეს ბოლომდე მივიყვან," - აღნიშნავს თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი. 

პროკურორი კი აცხადებს, რომ საქმეზე დასრულებულია საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება.

"კონკრეტულად დანაშაულის ნიშნები, რაზეც საქმე ძიებაშია, არ დგინდება რომელიმე სუბიექტის მიერ დანაშაულის ჩადენა. ჩატარებულია არაერთი საგამოძიებო მოქმედება და ექსპერტიზის დასკვნა, რამაც მიგვიყვანა იმ დასკვნამდე, რომ ამ საქმეზე დასრულებულია საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება,"- აცხადებს პროკურორი დავით გუმბერიძე. 

თამარ ბაჩალიაშვილის სიკვდილის მიზეზების დასადგენად გამოძიება უკვე 5 თვეა რაც მიმდინარეობს.

დღის ამბები