29 ნოემბერი 2024,   03:57
ვრცლად
შემსუბუქდება თუ არა დაწესებული შეზღუდვები წინასაახალწლოდ - მთავრობა გადაწყვეტილებას ბიზნესსექტორთან შეხვედრის შემდეგ მიიღებს

საქართველოში სადღესასწაულოდ შეზღუდვების შემსუბუქებას ელოდებიან. სპეციალისტები ამბობენ, რომ შეზღუდვების წინასაახალწლოდ მოხსნა ქვეყანაში ეპიდემიოლოგიურ ვითარებას დაამძიმებს.

შეზღუდვების შემსუბუქების წინააღმდეგია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელიც - არგუმენტად ამირან გამყრელიძეს სავაჭრო ობიექტებში შავ პარასკევს შექმნილი რიგები მოჰყავს. 

გამყრელიძის მსგავსი გზავნილები ჰქონდა დღეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილესაც - თამარ გაბუნიას მიაჩნია, რომ შეზღუდვების შემსუბუქება ვირუსის გავრცელების მონაცემთა ზრდის რისკებს უკავშირდება.

უახლოეს დღეებში, მთავრობის წევრები ბიზნესსექტორთან შეხვდრას გეგმავენ. ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ უნდა დადგინდეს, სადღესასწაულოდ შეზღუდვების შემსუბუქების შეთხვევაში, რა გარანტიები არსებობს ვირუსის გავრცელების პრევენციისა და უსაფრთხოების ზომების თვალსაზრისით.

საბოლოო გადაწყვეტილება წინასაახალწლოდ რეგულაციების შემსუბუქებასთან დაკავშირებით ბიზნესსექტორთან შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი. პანდემიის მართვის პროცესში ახალი შეზღუდვები 28 ნოემბრიდან მოქმედებს, რეგულაციების შემსუბუქება კი 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით იგეგმება.

დღის ამბები