29 ნოემბერი 2024,   04:00
ვრცლად
ოპოზიცია საგარეო პოლიტიკის შესახებ რეზოლუციის პროექტის დაინიცირებას ფორმლობას უწოდებს

ოპოზიცია ბიუროს სხდომაზე პარლამენტის პირველ საკანონმდებლო ინიციატივას - საგარეო პოლიტიკის შესახებ რეზოლუციის პროექტის დაინიცირებას ფორმალობას უწოდებს და აცხადებს, რომ ამ დოკუმენტს პოლიტიკური ღირებულება არ ექნება. 

"ყველა ის საკანონმდებლო აქტი, რომელსაც დღეიდან ე.წ პარლამენტი მიიღებს, რეალურად მას არ ექნება ლეგიტიმაციის ის ხარისხი, რომელიც უნდა ჰქონდეს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებულ დოკუმენტებს. ქვეყნის თითოეული ძალა ერთობლივად უნდა მსჯელობდეს ისეთ საკითხებზე, მაგალითად, როგორიც არის ოკუპაცია, მაგრამ ივანიშვილის რეჟიმის პირობებში, ეს, სამწუხაროდ, შეუძლებელი გახდა," - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი თინათინ ბოკუჩავა.

"ევროპულ საქართველოში" კი აცხადებენ, რომ პარლამენტის საქმიანობა, მხოლოდ მუშაობის ინიციატივად შეიძლება შეფასდეს. 

"რაც მათ არალეგიტიმურ პარლამენტში ვითომ შეიტანეს, საქმიანობის იმიტაციაა, მოჩვენებით, ვითომ რაღაცას აკეთებენ. საზომი ძალიან მარტივია, მუშაობს თუ არა მთავრობა იმისთვის, რომ სანქციებში მოხვდეს ჩვენი ქვეყნის საკითხი. ის, რომ დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებში არ არის ჩვენი ოკუპაციის საკითხი, ეს საუკეთესო კომფორტი, რომელსაც "ქართული ოცნება" უქმნის ოკუპანტებს, დანარჩენი არის უბრალოდ ლირიკა," - აღნიშნავს "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი კანდელაკი.

დღეს, ბიუროს სხდომაზე ერთგვარი სამოქმედო გეგმა გაიწერა. დღეს დაინიცირდა მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საგარეო პოლიტიკის შესახებ რეზოლუციის პროექტს ეხება. პროექტი ითვალისწინებს საგარეო პრიორიტეტებს, ასეთია მაგალითად, დე ოკუპაცია და ქვეყნის ევროინტეგრაცია.  

პარლამენტი საშემოდგომო სესიას 18 დეკემბერს დახურავს, მუშაობა კი რიგგარეშე სხდომების ფორმატში გაგრძელდება. განსახილველი მთავარი საკითხებია მომავალი წლის ბიუჯეტი და მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადება. პრემიერ-მინისტრად გიორგი გახარიას კანდიდატურის ინიცირება დღეს ბიუროს სხდომაზე უკვე მოხდა. ამ ფორმატში დეპუტატები დღეს პირველად შეიკრიბნენ. 

დღის ამბები