29 ნოემბერი 2024,   03:59
ვრცლად
თუ ამნისტია რურუას საქმეს არ შეეხო, მაშინ ეს არის ამნისტია საკუთარი ცოდვების "გასაპრავებლად" - გიგი უგულავა

ოპოზიციის წევრები "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტის დაინიცირებას ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანია ის ე.წ, პოლიტპატიმრებს შეეხოს.

"ხელისუფლება არ აღიარებს იმას, რომ ქვეყანაში არსებობენ პოლიტპატიმრები, რომელსაც აღიარებენ მათ შორის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და როგორც ვხედავ მათ არ აქვთ სწორედ პოლიტიკური ნება იმისთვის, რომ პოლიტიკური აქტით ან ამნისტიით გაათავისუფლოს ის ადამიანები, რომლებიც სრულიად უდანაშაულოდ არიან და როგორც ვხედავ, მათი განცხადებებიდან ეს ადამიანები არ არიან ამნისტიის ქოლგის ქვეშ. ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, ეს არ უნდა იყოს სახელმწიფოს კიდევ ერთი ჩათრევა ორგანიზებულ დანაშაულში," - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ხატია დეკანოიძემ.

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, პარლამენტში "ამნისტიის შესახებ" კანონის პროექტის ინიცირებისას მნიშვნელოვანია ამ პროექტზე საზოგადოებამ მეტი დეტალი იცოდეს.

უგულავას შეფასებით, თუ ამნისტია არ შეეხება გიორგი რურუას, მაშინ ეს იქნება ამნისტია ხელისუფლების ცოდვების "გასაპრავებლად".

"საყოველთაო ამნისტია სწორი იდეაა, მაგრამ ეშმაკი დეტალებშია და ბატონი სარჯველაძე დეტალებზე არ გვესაუბრა. ერთადერთი რაც მისგან მოვისმინეთ, პოლიტპატიმარ გიორგი რურუას არ შეეხებაო. მე მინდა შევახსენო, რომ ნებისმიერი ამინისტია, რომელიც აქამდე გაკეთებული 30 წლის განმავლობაში, თუ რომელიმე მუხლს ითვალისწინებდა, ეს იყო იარაღის უკანონო ტარების მუხლი, იმ პირობებში, როდესაც ადამიანი პირველად იყო ნასამართლები. თუ ასეთ რამეებს ეს არ შეეხება, მაშინ ეს არის ამინისტია საკუთარი ცოდვების გასაპრავებლად," - განაცხადა გიგი უგულავამ.

"ლელოს" წევრის კახა კი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია ამნისტიის შესახებ კანონპროექტმა კრიმინალი არ წაახალისოს.

"ამნისტიის შესახებ" კანონში ცვლილებები შედის. ინიციატივა ეკუთვნის მე-10 მოწვევის პარლამენტს. მომზადებული პროექტი ითვალისწინებს იმ პირთა გათავისუფლებას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან და შესაბამისი სასჯელისგანაც, რომელთაც დანაშაული ჩაიდინეს 2020 წლის 11 დეკემბრამდე. შეღავათები არ ეხებათ იმ პირებს, რომლებიც გასამართლდნენ მკვლელობის, ან ოჯახური ძალადობის მუხლებით.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ამნისტია შეეხება სულ 44 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს.

პროექტის მიხედვით, 800-მდე მსჯავრდებული დატოვებს ციხეს, 700-მდე პატიმარს შეუმსუბუქდება სასჯელი და 800-მდე პირი გათავისუფლდება პირობითი მსჯავრისგან.

დღის ამბები