29 ნოემბერი 2024,   03:38
ვრცლად
ბიუროს სხდომაზე პარლამენტის პირველი საკანონმდებლო ინიციატივა - საგარეო პოლიტიკის შესახებ რეზოლუციის პროექტი დაინიცირდა

დღეს ბიუროს სხდომაზე ერთგვარი სამოქმედო გეგმა გაიწერა - დაინიცირდა მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საგარეო პოლიტიკის შესახებ რეზოლუციის პროექტს ეხება. პროექტი ითვალისწინებს საგარეო პრიორიტეტებს, ასეთია მაგალითად, დეოკუპაცია და ქვეყნის ევროინტეგრაცია.  

"რეზოლუცია მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც წინა წლების განმავლობაში რადიკალური ოპოზიცია, რომელიც ანტისახელმწიფოებრივი საქმით იყო დაკავებული და ჩვენი მტრების საქმეს აკეთებდა, სწორედ "ქართულ ოცნებას" უყენებდა ბრალდებას ანტიდასავლურ მისწრაფებებში. დღეს, როდესაც პოლიტიკური დიალოგი მიმდინარეობს, ჩვენი საზოგადოება თავად გახდა მოწმე, რომ სინამდვილეში რადიკალური ოპოზიცია არის ანტიდასავლური და ზუსტად ის ძალა, რომელიც ჩვენი პარტნიორების საქმიანობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს," - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე. 

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, დოკუმენტში საქართველოს მთავარ ამოცანაზეა საუბარი, რომელიც დეოკუპაციას ეხება. 

"დოკუმენტში საუბარია, რომ ჩვენი ქვეყნისთვის მთავარი ამოცანა არის დეოკუპაცია და მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ასევე, საუბარია საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციაზე. სიახლე არის ის, რომ ამ რეზოლუციაში გამოჩნდა ჩანაწერი, რომ 2024 წელს უნდა გააკეთოს საქართველომ განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე და იმაზე, რომ ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს მზაობა ნატოში წევრობისათვის," - აღნიშნავს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე. 

პარლამენტი საშემოდგომო სესიას 18 დეკემბერს დახურავს, მუშაობა კი რიგგარეშე სხდომების ფორმატში გაგრძელდება. განსახილველი მთავარი საკითხებია მომავალი წლის ბიუჯეტი და მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადება. პრემიერ-მინისტრად გიორგი გახარიას კანდიდატურის ინიცირება დღეს ბიუროს სხდომაზე უკვე მოხდა. ამ ფორმატში დეპუტატები დღეს პირველად შეიკრიბნენ. 

დღის ამბები