29 ნოემბერი 2024,   03:42
ვრცლად
"ყოველთვის იყო ხალხისგან დაკვეთა, რომ პოლიტიკოსებმა ერთხელ მაინც თქვან უარი თავიანთ კეთილდღეობაზე" - ოპოზიციის ნაწილი მანდატებზე ოფიციალურად ამბობს უარს

ოპოზიციონერი დეპუტატები საპარლამენტო მანდატზე უარს ოფიციალურად ამბობენ. მას შემდეგ, რაც არჩევნებში მონაწილე ოპოზიციურმა სუბიექტებმა სიები ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან გამოითხოვეს, მიმართვები დაარეგისტრირეს პარლამენტშიც.

პარტიების ნაწილი, რომელიც არ ენდობა ცესკოს შედეგებს და, ამ დრომდე, ბოიკოტის რეჟიმშია, საბოლოოდ, საკუთარი კოლეგების დასტურის მოლოდინშია. სწორედ ამის შემდეგ შეუწყდებათ სადეპუტატო უფლებამოსილება. ნაწილი მანდატებზე უარის თქმას არ ჩქარობს და პროცესების კონკრეტულ შედეგამდე მისვლას ელოდება. 

"ევროპული საქართველოს" წევრმა არმაზ ახვლედიანმა "ქართულ ოცნებას" ოპოზიციასთან დიალოგისკენ მოუწოდა. 

"მე მანდატი მექნება თუ არა, ვიბრძოლებ ბოლომდე, ბოლო წუთამდე და, პარალელურად, ვეუბნები "ქართულ ოცნებას" - ბატონი ივანიშვილიდან დაწყებული, ვისაც საჭიროდ ჩათვლიან, ნებისმიერით დამთავრებული - გნებავთ დიალოგი? ვისაუბროთ, ღიად, არგუმენტებით, მეორე: დავსხდეთ და მოვილაპარაკოთ იმაზე, რა არის საუკეთესო გამოსავალი საქართველოსთვის,"-განაცხადა არმაზ ახვლედიანმა. 

”სტრატეგია აღმაშენებელის” წევრის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, მათი მხრიდან მანდატებზე უარის თქმა საკუთარ კეთილდღეობაზე უარის თქმაა იმ იმედით, რომ "ქართული ოცნებაც" მსგავს ნაბიჯს გადმოდგამს. 

"ის, რომ ჩვენ დღეს უარს ვამბობთ მანდატებზე, ეს არის "ქართული ოცნების" დამსახურება, რადგან მან არ დატოვა პარლამენტში პოლიტიკის კეთების სივრცე. ის, რომ "ქართული ოცნება" არ ელაპარაკება მილიონზე მეტ ამომრჩეველს, იმაზე მეტს, ვიდრე მას დაუჭირა მხარი, ეს არის ძალიან მძიმე ვითარება ქვეყანაში. ყოველთვის იყო ხალხისგან დაკვეთა, რომ პოლიტიკოსებმა ერთხელ მაინც თქვან უარი თავიანთ კეთილდღეობაზე. დიახ, ჩვენ ამ ნაბიჯით უარი ვთქვით საკუთარ კეთილდღეობაზე იმ იმედით, რომ "ქართული ოცნებაც" მსგავს ნაბიჯს გადადგამს, არა იმისთვის, რომ ჩვენ გვჭირდება ეს, არამედ იმისთვის, რომ შეთანხმება სჭირდება საქართველოს,"-განაცხადა პაატა მანჯგალაძემ. 

მანდატებზე უარი თქვა "ლელომაც". პარტიის წევრის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, 31 ოქტომბრის არჩევნებმა ქართველი ხალხის ნება ვერ ასახა, ამიტომაც, მანდატების გადანაწილება აზრს ჰკარგავს. 

"ჩვენ ვთქვით, რომ გაყალბებული, ჭუჭყიანი არჩევნების შედეგად, 31 ოქტომბრის არჩევნებმა ქართველი ხალხის ნება არ და ვერ ასახა. ამიტომ, მანდატების განაწილება ვერ ასახავს ქართველი ხალხის სურვილს და, შესაბამისად, ამ არჩევნებმა თავისი ფუნქცია ვერ შეასრულა. ვართ ბოიკოტის რეჟიმში და უარს ვამბობთ მანდატებზე,"- განაცხადა მან. 

პოლიტიკური მოძრაობის ”სახელმწიფო ხალხისთვის” თავმჯდომარის, ნიკა მაჭუტაძის განცხადებით, "ქართულ ოცნებას" ჯერ კიდევ აქვს ვადა, რომ ქართულ საზოგადოებასთან და ოპოზიციასთან დათმობებზე წამოვიდეს. 

დღის ამბები