კობა დავითაშვილის ცემის საქმეზე სასამართლო პროცესი ისევ გადაიდო. მიზეზი გახდა ადვოკატ ბექა ბასილაიას შუამდგომლობა, რომელიც ამ საქმიდან ჩამოშორებას ითხოვს. მიზეზად ადვოკატი ასახელებს პოზიციების შეუთავსებლობას ზურაბ ადეიშვილთან. სხდომა განახლდება 25 დეკემბერს. ამ საქმის განხილვა უკვე რამდენიმე წელია, გრძელდება.
ამასთან, ადვოკატი ბექა ბასილაია ამბობს, რომ დამნაშავეებმა, რომლებმაც კობა დავითაშვილის წინააღმდეგ დანაშაული ნამდვილად ჩაიდინეს, პასუხისმგებლობისგან გაქცევის მიზნით, ხელი ზურაბ ადეიშვილს შეაწმინდეს:
"ფინანსური პოლიციის ყოფილი უფროსი ქარსელაძე და მისდამი დაქვემდებარებული პირები, რომლებმაც ნამდვილად განახორციელეს ის საზარელი დანაშაული კობა დავითაშვილის წინააღმდეგ და იმისთვის რომ პასუხისმგებლობას გაქცეოდნენ ხელი შეაწმინდეს და დააბრალეს ზურაბ ადეიშვილს. მათ ერთი დღეც არ გაუტარებიათ საპატიმროში," - განაცხადა ბექა ბასილაიამ.
საქმის პროკურორი დაცვის მხარის შუამდგომლობას პროცესის გაჭიანურებისკენ მიმართულ ტაქტიკად აფასებს.