29 ნოემბერი 2024,   03:44
ვრცლად
"პოლიტიკური პროცესი პარლამენტის შენობის გარეთაც არსებობს" - ოპოზიცია სამომავლო გეგმებზე საუბრობს

შეცვლის თუ არა პოლიტიკურ რეალობას მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი - ამის იმედი ნაკლებად აქვს ოპოზიციას, რომელიც ამტკიცებს, რომ "ქართული ოცნება" ცდილობს წარმოაჩინოს მოწინააღმდეგეებს შორის განხეთქილება.

სხვადასხვა პარტია, რომელიც ბოიკოტის რეჟიმს აგრძელებს, ელოდება მხოლოდ მმართველი ძალის პოლიტიკურ ნებას.

"ვრჩებით ბოიკოტის რეჟიმში, ამ კვირაში დავწერთ მანდატების შეჩერებაზე განცხადებებს. პარალელურად, ჩვენ, როგორც სხვა პარტიებს, გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი, რომ პარტია უფრო ძლიერი გავხადოთ, როგორც რაიონული, ისე რეგიონული სტრუქტურები ავაწყოთ და მომზადებული გავიდეთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე. დარწმუნებული ვარ, ადგილობრივ არჩევნებზე მივალთ ახალი კანონმდებლობით,"-აცხადებს პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" პოლიტიკური საბჭოს წევრი სერგო ჩიხლაძე.

"არანაირი გაწერილი გეგმა არ არსებობს, ვართ მოლოდინის რეჟიმში, ოპოზიცია რჩება ბოიკოტის რეჟიმში, რაც ნიშნავს, რომ მოლაპარაკების მაგიდაზე თუ რაიმე ტიპის შეთანხმება არ შედგა, რომლის ალბათობა ნაკლებად არსებობს, მაგრამ მაინც, მე პირადად გავივლი იმ გზას, რასაც სხვა ოპოზიციური პარტიები გაივლიან. დავწერ განცხადებას, მივმართავ პარლამენტს მანდატის გაუქმებასთან დაკავშირებით. ამის შემდეგ, მე გავაგრძელებ ბრძოლას სხვადასხვა გზით, რომ "ქართულმა ოცნებამ" საბოლოოდ დათმოს ძალაუფლება,"- აცხადებს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.

"ლელოც" აპირებს დაწეროს განცხადებები მანდატების დათმობასთან დაკავშირებით. პოლიტიკურ ბრძოლას არათუ ვწყვეტთ, არამედ ბევრად უფრო აქტიურად გავაგრძელებთ. მხოლოდ პარლამენტის ტრიბუნა არ არის იმისთვის, რომ ზეგავლენა მოახდინო პოლიტიკურ პროცესებზე. ბუნებრივია, პარლამენტში ბრძოლა ჯობია, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში ჯობია ასეთი გადაწყვეტილებები. ვაგრძელებთ ამომრჩეველთან მჭიდრო ურთიერთობას, ვაგრძელებთ პროტესტს, რომ რაც ვერ მოვახერხეთ მოლაპარაკებებით, მოვახერხოთ ზეწოლის პროცესით,"- აცხადებს "ლელო საქართველოსთვის" წევრი ფიქრია ჩიხრაძე.

"ჩვენი მოქმედების გეგმაა ის, რომ ხმა უნდა დავიცვათ და მიტაცებული ხელისუფლების გამყარებაში ვერ დავეხმარებით. არ შევდივართ პარლამენტში და პოლიტიკური პროცესი პარლამენტის შენობის გარეთაც არსებობს, რაც ნიშნავს ხელისუფლების კრიტიკას, რეაგირებას, ყველა შეცდომაზე ხელისუფლების და ყველაფერი, რასაც გავაკეთებთ, იქნება კონსტიტუციის ფარგლებში,"-აცხადებს "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე, გაერთიანებული ოპოზიციის "ენმ - ძალა ერთობაშიას" წევრი თამარ კორძაია.

დღის ამბები