29 ნოემბერი 2024,   06:43
ვრცლად
აფრიკის დასახლებაში მცხოვრებ მამა-შვილს კახა კალაძე ბინას ჩუქნის

აფრიკის დასახლებაში გადაღებულ ფოტოზე ასახულ მამა-შვილს თბილისი მერი ბინას ჩუქნის, ამის შესახებ კახა კალაძემ გვიან ღამით ფეისბუკზე დაწერა:

"ახლა დავბრუნდი მერიიდან და არ შემიძლია დღესვე არ დავწერო, როგორც მერმა უკვე ვისაუბრე დღევანდელ მოვლენებზე, უბრალოდ ჩემი პირადი პოზიცია უნდა დავწერო- მედიაში რომ დაიწყეს მამა-შვილის ფოტოს გავრცელება როგორც მსხვერპლის, გული მომიკვდა, ტყუილის ტირაჟირებისთვის ბავშვი რატომ-თქო? ისიც კი გავიფიქრე, სახე მაინც დაეფარათ, იქნებ არ უნდა ოჯახს ბიჭუნას ასე გამოჩენა-თქო.... მეგონა მაგ ზღვარს არასდროს უნდა ჩავცდეთ, რომ ანტიპიარისთვის ბავშვები გამოვიყენოთ.

მოგვიანებით, როცა გაირკვა, რომ ბავშვი და მამამისი იქვე ცხოვრობენ , ჩემი და ჩემი შვილების ფოტოები მიაშენეს მათ ფოტოს. ვერც ვბრაზდები, მგონი არც მიკვირს.

ასეთ ადამიანებს რა გითხრათ სხვა? - ეგეთი ქცევა თქვენი არჩევანია.მთავარი ამჯერად ჩემთვის ისაა, რომ როცა შემიძლია დავეხმარო, ვეხმარები, ასე გამზარდეს ასე ვზრდი ჩემს შვილებს. გმირობაა მარტო კაცი ზრდის 6 შვილს. გმირი მამაა და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მხარში ამოვუდგე მას. გავარკვიე საღამოსვე რა პირობებში ცხოვრობს და ჩემი პირადი საჩუქარი, ჩემი ოჯახის სახელით, იქნება ბინა ამ ოჯახისთვის.

ამდენი სიძულვილის, ცილისწამების და ტყუილის ფონზე ამ ოჯახის გაბედნიერებაა ჩემთვის დღევანდელი დღის შედეგი,"- წერს კახა კალაძე.

15 დეკემბერს თბილისში, აფრიკის დასახლებაში, მუნიციპალურმა ინსპექციამ რამდენიმე შენობა-ნაგებობა დაანგრია, რომელიც მერიის განცხადებით, მიტაცებულ სახელმწიფო მიწებზე უკანონოდ იყო აშენებული. აღნიშნულ პროცესს ადგილზე დაპირისპირება და ხმაური მოჰყვა.

სწორედ ამ ნგრევის მახლობლად მცხოვრები მამა-შვილის ფოტო გავრცელდა სოციალურ ქსელში, რომელთაც, მიუხედავად იმისა, რომ ნგრევა არ შეხებიათ, საკმაოდ მძიმე სოციალურ პირობებში უწევთ ცხოვრება.

 

დღის ამბები