29 ნოემბერი 2024,   06:41
ვრცლად
ფინანსთა სამინისტრომ 2020 წლის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა

ფინანსთა სამინისტრომ 2020 წლის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაციაზე
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ივანე მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ პანდემიის საპასუხოდ ქვეყანამ საკმაოდ დიდი მოცულობის რესურსების მოძიება შეძლო, რაც იმ ჯანსაღი მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრების შედეგია, რაც საქართველოს პანდემიის დაწყებამდე ჰქონდა. მისი თქმით, საქართველომ შეძლო შეენარჩუნებინა საკრედიტო რეიტინგები.

პრეზენტაციის დროს, ივანე მაჭავარიანმა ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო დახმარებებზე და აღნიშნა, რომ საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომლის ანტიკრიზისული პროგრამა საერთაშორისო სავალუტო ფონდმა დაამტკიცა. როგორც მან აღნიშნა, უკვე ხელმოწერილია შეთანხმებები, რომლის ჯამური მოცულობა 1.9 მილიარდ დოლარს აჭარბებს.

"პანდემიის დაწყებისთანავე ფისკალურმა სექტორმა სწრაფად განახორციელა სწორი და ეფექტური ნაბიჯები. პირველ რიგში, ჩვენ დავიწყეთ მოლაპარაკებები საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, ერთობლივად ჩამოვაყალიბეთ ფისკალური ჩარჩო, რომელსაც ემყარება ქართული ეკონომიკა პანდემიის პერიოდში. სწორედ სავალუტო ფონდთან მოლაპარაკებებმა გაგვიხსნა გზა, ჩვენი პარტნიორი დონორი ორგანიზაციებიდან საკმაოდ სწრაფი და მოცულობითი მხარდაჭერის მისაღებად. ამ ეტაპზე, უკვე გვაქვს ხელმოწერილი შეთანხმებები, რომლის ჯამური მოცულობა 1.9 მილიარდ დოლარამდეა,"-განაცხადა ივანე მაჭავარიანმა. 

მან, ასევე ყურადღება გაამახვილა საბიუჯეტო პარამეტრებზე და აღნიშნა, რომ პანდემიამდე პერიოდში მნიშვნელოვნად შემცირდა მიმდინარე ხარჯები და გაიზარდა კაპიტალური ხარჯები მშპ-ს 8.5%-მდე, რაც ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელია მსოფლიოში, ასევე მნიშვნელოვანია, რომ დაბალ ნიშნულზე ჩამოვიდა საბიუჯეტო დეფიციტი.

ივანე მაჭავარიანის თქმით, გასულ წელს საქართველოს ჰქონდა საგადასახადო შემოსავლების უპრეცედენტოდ მაღალი გადაჭარბება 600 მლნ ლარის ოდენობით.

დღის ამბები