29 ნოემბერი 2024,   06:37
ვრცლად
შეუძლებელია, ღრმა აღშფოთებას არ იწვევდეს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ თავდასხმებისა და შეურაცხყოფის კამპანია - გრიგოლ ვაშაძე

გრიგოლ ვაშაძე "ფეისბუკზე" გამოქვეყნებულ პოსტში, სადაც მან "ნაციონალური მოძრაობიდან" წასვლის შესახებ დაწერა, ბოლო პერიოდში ელჩების მიმართ გახშირებული თავდასხმების საკითხსაც გამოეხმაურა.

ვრცელ წერილში გრიგოლ ვაშაძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სტრატეგიული მოკავშირეების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ გაჩაღებული თავდასხმებისა და შეურაცხყოფის კამპანია ღრმა აღშფოთებას იწვევს. 

"ნაციონალური მოძრაობის" პარტიის უკვე ყოფილი თავმჯდომარისა და ერთ-ერთი ლიდერის თქმით, მისთვის გაუგებარია, ვინ ან რა მიზნით წამოიწყო მოქმედება დიპლომატების წინააღმდეგ.

"შეუძლებელია ღრმა აღშფოთებას არ იწვევდეს ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ გაჩაღებული თავდასხმებისა და შეურაცხყოფის კამპანია, რომელიც გაუგებარია ვინ და რა მიზნით წამოიწყო. ამით ადგება უდიდესი ზიანი საქართველოს ურთიერთობებს აშშ-სთან, ევროკავშირთან და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან. იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ამ კამპანიის მონაწილეებს არასდროს გაუგიათ, რომ ელჩზე თავდასხმა იგივეა, რაც თავდასხმა იმ სახელმწიფოზე, რომელსაც ის წარმოადგენს, და რომელიც დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან საქართველოს მოქალაქესთან ერთად ჩვენი სახელმწიფოს და ტერიტორიული მთლიანობის სადარაჯოზე სდგას. ბოდიშს ვუხდი ჩვენ მეგობრებს! პრობლემების ჩამოთვლას აღარ გავაგრძელებ, რადგან კერძო საუბრებში მათზე თავად პარტიის წევრები საუბრობენ,"- წერს გრიგოლ ვაშაძე. 

 

დღის ამბები