29 ნოემბერი 2024,   06:52
ვრცლად
თუ ელჩებთან შეხვედრიდან გამოვალ თავაწეული, პირნათელი და გაწიკწიკებული საარჩევნო წესები მექნება ხელში, პარლამენტში შევალ - ალეკო ელისაშვილი

პარტია მოქალაქეების ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ ის დათანხმდება პარლამენტში შესვლას იმ შემთხვევაში, თუ მხარეები საარჩევნო კანონმდებლობის და საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმაზე შეთანხმდებიან.

ეს პირობა პარტია მოქალაქეების ლიდერმა, "ფეისბუქ" ჩართვის დროს წამოაყენა. მისივე თქმით, ამ საკითხებზე მოლაპარაკებები საათობით გრძელდება და კარგი იქნება, თუ საბოლოოდ ქვეყანას ექნება ისეთი საარჩევნო სისტემა, რომელსაც პოლიტიკური სპექტრი წლებია ითხოვს. 

"ყველაზე მნიშვნელოვანი, რატომაც მოლაპარაკებებზე დავდივარ არის ის, რომ ერთჯერადი რაღაც ხეირი და სარგებელი კი არ მინდა, მე ან ჩემს პარტიას, არამედ მთავარია, ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში არჩევნები იყოს არჩევნები, არჩევნებს ვენდობოდეთ და არჩევნებზე მივდიოდეთ როგორც ზეიმზე. გავიხსენოთ, ნანა დევდარიანი, ლევან თარხნიშვილი, ხათუნა გოგორიშვილი, ახლა თამარ ჟვანია, რასთან არიან ასოცირებული? ეს ხალხი საქართველოსთან შერცხვენილი ხალხია არჩევნების გაყალბებით. მე მინდა, რომ ცესკო-ს თავმჯდომარე იყოს ერთ-ერთი ყველაზე სანდო და პატივსაცემი ადამიანი. ამისთვის ვირჯები, ვირჯები იმისთვის, რომ არჩევნებს ვენდობოდეთ და წესიერი ცესკო იყოს, წესიერი საარჩევნო სისტემა იყოს, რომელიც რომელიმე პარტიაზე კი არ იქნება მორგებული, მორგებული იქნება ქვეყნის მომავალზე და ამ შეხვედრიდან ისეთი წესები წამოვიღოთ, ისეთი წესები გვეჭიროს ხელში, ისეთი საარჩევნო ადმინისტრაცია, რომ გაყალბების შანსი მინიმუმამდე იყოს დასული.

ეს საშვილიშვილო შედეგები მინდა, რომ წამოვიღო და ამისთვის ვიბრძვი მე პირადად. ერთადერთი, რასაც გავამხელ, ელჩებთან ვსხედვართ და დროის სამი მეოთხედი ეთმობა დეტალებზე ლაპარაკს, ცესკო როგორ უნდა დაკომპლექტდეს, თავმჯდომარე ვინ უნდა იყოს, საოლქო კომისიას რა უნდა ჰქონდეს, საუბნო კომისია როგორი უნდა იყოს, ეს არჩევნების წესი როგორი უნდა იყოს, ბიულეტენის ჩაყრის პროცესი როგორი უნდა იყოს, დაკვირვება როგორი უნდა იყოს, ამას მივყვებით საათობით.

იქ არის ჩემზე ჩახედული ხალხი, სულ ვაკრიტიკებდი, მაგრამ ეს საქმე კარგად იცის, მაგალითად, გიორგი ვაშაძე. სხვებიც, იქ „პატრიოტთა ალიანსის“ კაცია ერთი, გოჩა თევდორაძე, რომელიც ასევე კარგად ერკვევა. მეც ვცდილობ, მივყვე, სულ კითხვებს ვსვამ, ეს როგორ არის, რომ თავი დავიზღვიოთ, იმ მოლაპარაკებიდან გამოვიტანოთ საშვილიშვილო რაღაც, ჩემ შვილებთან ვიყო მართალი, თვალებში ჩავხედო, თქვენ შვილებთან, თქვენ მომავალთან ვიყო მართალი და ვუთხრა, რომ, ხალხო, დაისაჯა "ქართული ოცნება" იმით, რომ, სინამდვილეში, ეს არავის დასჯა არ იქნება, ამ ქვეყნის წარმატება და გამარჯვება იქნება, რომ ხელში გვიჭირავს გაწიკწიკებული საარჩევნო წესები, საარჩევნო წესი, ადმინისტრაციის დაკომპლექტება.

პირდაპირ გეუბნებით, მე მწამს, რომ ახლა გვაქვს მომენტი, შესაძლებლობა, რომ მოლაპარაკებიდან საქართველოს მომავალი გამოვიტანოთ, გაწიკწიკებული საარჩევნო წესები, გაწიკწიკებული და სანდო საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესი. აი, ამაზე ვმუშაობთ იქ საათობით და ამისთვის ვიბრძვი, იქაც ვამბობ, აქაც ვამბობ, ეს არის ეროვნული ამოცანა, რომელსაც ყველანი მივადექით.

პირდაპირ გეუბნებით, თუ მე იქიდან ეს დოკუმენტები, ეს გარანტია მეჭირება ხელში, რა თქმა უნდა, პარლამენტში შევალ, ისე გახადეს, პარლამენტში არ შეხვიდე, გეგონება სამშობლოს უნდა უღალატო, გეგონება, საქართველოს უნდა ვუღალატო, პარლამენტში თუ შევალ. ესე ტყუილა პარლამენტში არ შევალ ცოცხალი თავით, ქუდი რომ შემიგდონ, და არც შევდივარ, ხომ ხედავთ, ერთი თვეა, ფეხი გაფიჩინებული მაქვს და მოლაპარაკებებზე დავდივარ პასტით და ფურცლით, რომ რაც შეეხება არჩევნებს, ეს, ეს უნდა გაკეთდეს, ამაზე ვმუშაობთ. ამით თუ გამოვალ, იქიდან გამოვალ თავაწეული და ვფიქრობ, ყველა გამოვა თავაწეული, ვისაც უნდა, რომ ეს ქვეყანა წინ წავიდეს.

3 თვე, ქუჩა-ქუჩა, სოფელ-სოფელ, ეზო-ეზო დავდიოდით, იმიტომ რომ პარლამენტში შევსულიყავი, იმიტომ რომ ქვეყანას ვემსახურო და რასაც ხალხს ვპირდებოდი, ის გაგვეკეთებინა.

მოდაში შემოიტანეს რატომღაც რომ აშშ-სა და ევროკავშირის ელჩს აკრიტიკებენ, მე მინდა გულითადი მადლობა ვუთხრა ამ ხალხს. ასეთი მონდომებული, ასეთი დაინტერესებული, საქართველოზე შეყვარებული ხალხი იშვიათად მინახავს," - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა "ფეისბუქ ლაივში".

დღის ამბები