29 ნოემბერი 2024,   06:38
ვრცლად
მიზანმიმართულად ხდება ინფორმაციის გამოტანა, რითაც ჩანს, რომ ეს პოლიტიკოსები არასანდოები არიან - კახა კალაძე ოპოზიციაზე

"ქართული ოცნება" ოპოზიციას დიალოგის ჩაშლის მცდელობაში ადანაშაულებს. მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის კახა კალაძის განცხადებით, საბოლოო შეთანხმების მიღწევამდე დეტალების გასაჯაროება კონკრეტული პოლიტიკოსების არასანდოობაზე მიუთითებს.

"შეთანხმება სანამ ბოლომდე არ იქნება მიღწეული და ხელმოწერილი, მანამდე დეტალებზე საუბრისგან თავი უნდა შევიკავოთ. თუმცა, სამწუხაროდ, მიზანმიმართულად ხდება ინფორმაციის გამოტანა და აქაც კარგად ჩანს, რომ ეს პოლიტიკოსები არასანდოები არიან. რაც შეეხება იმ კონკრეტულ ჩანაწერებს, რაზეც აპელირებენ, ჯერ ერთი, ხელისუფლებას, მთავრობას არანაირი უფლებამოსილება არ აქვს, ვიღაც გაათავისუფლოს, ეს სასამართლოს გადასაწყვეტია. რაც შეეხება არჩევნების ხელახალ ჩატარებას, ვიმეორებ, ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს,"- აცხადებს კახა კალაძე. 

მმართველი გუნდის წევრი შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას ადანაშაულებს უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებებში, რომლის მიხედვითაც დაირღვა შეთანხმება, რომ მოლაპარაკებების შინაარსი არ გასაჯაროებულიყო. მისი თქმით, ეს ადასტურებს, რომ ბოიკოტის რეჟიმში მყოფ ძალებს დიალოგის წარმატებით დასრულება არ სურთ. 

"ჩვენ მკაცრად ვაცხადებდით და ფასილიტატორი ელჩების თხოვნაც იყო, რომ არ გასაჯაროებულიყო შინაარსი ამ მოლაპარაკების. იქიდან გამომდინარე, რომ ეს ერთ-ერთ ტელევიზიაში გაჟღერდა, შეგვიძლია დაახლოებით ვივარაუდოთ, რომელმა პარტიამ გადასცა ეს საკითხები ტელევიზიას. ამიტომ, ორი რამეა - ერთი რომ უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაა და მეორე, იმ პარტიის თუ ადამიანების მხრიდან, რომელთაც ეს გაააჯაროეს, მიუთითებს იმაზე, რომ არ სურთ ამ დიალოგის წარმატება და სურთ მისი ჩაშლა. შინაარსში არ შევალ, ერთადერთი, საუბარი არის იმაზე, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ავტომატურად დაინიშნონ, არასამთავრობო ორგანიზაციებს ჰკითხეთ, რამდენად აქვთ სურვილი, რომ ჩაერთონ ამაში. დარწმუნებული ვარ, რომ ამის არანაირი სურვილი არ აქვთ,"-განაცხადა მან. 

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მოლაპარაკების მესამე რაუნდი ამ წუთებში მიმდინარეობს. შეხვედრის დაწყებამდე ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა კიდევ ერთხელ გააჟღერეს მოთხოვნები. მათ შორის არის საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლა, რომლის არჩევაშიც ოპოზიცია არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობას ითხოვს. დღეს აღინიშნა, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ვინ წარადგენს კანდიდატს.

გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად ოპოზიცია ხელისუფლებას  4-პუნქტიან გეგმას სთავაზობს.

დღის ამბები