29 ნოემბერი 2024,   06:36
ვრცლად
ნატოს საექსპერტო ჯგუფის წევრი ალიანსს საქართველოსა და უკრაინასთან პარტნიორობის გაღრმავებისკენ მოუწოდებს

ვეს მიტჩელმა "ნატო 2030"-ის სარეკომენდაციო ანგარიშის ონლაინ განხილვის დროს საქართველო-ნატოს პარტნიორობის გაღრმავების შესახებ ისაუბრა. ნატოს გენერალური მდივნის ინიციატივით ჩამოყალიბებული საექსპერტო ჯგუფის წევრის განცხადებით, ნატო საქართველოსა და უკრაინასთან პარტნიორობას სტრატეგიულად ვერ იყენებს.

მისივე განმარტებით, თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ნაცვლად, ძირითადად უშუალოდ პარტნიორი ქვეყნის ინიციატივის საფუძველზე ხორციელდება. ვეს მიტჩელი აცხადებს, რომ საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავებისთვის ნატოს მხრიდან დაფინანსებისა და კომუნიკაციის მიმართ უფრო სტრატეგიული მიდგომაა საჭირო.

"ანგარიშის ტონი და შინაარსი ძალიან მკაფიოა და ადასტურებს ნატოს ღია კარის პოლიტიკის, დასავლური პერსპექტივისა და საქართველოს და უკრაინის ნატოსკენ სვლის მხარდაჭერას. და, რა თქმა უნდა, ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ნატოს მოკავშირეებმა უნდა დაუჭირონ მხარი ისეთ დაუცველ დემოკრატიებს, როგორიც საქართველო და უკრაინაა, რომლებიც ზეწოლას განიცდიან რუსეთისგან.

ანგარიში კონსტრუქციულად კრიტიკულია იმის მიმართ, თუ ამჟამად როგორ ახორციელებს ნატო ამ პარტნიორობებს, მათ შორის აღმოსავლეთ პარტნიორობას. დღეს ნატო-ში საქართველოსა და უკრაინასთან არსებობს პარტნიორობა, რომლის პრიორიტეტები და აქტივობები მომდინარეობს თავად პარტნიორი ქვეყნების მოთხოვნებიდან, ნაცვლად იმისა, რომ ინიციატივა ნატოსგან მოდიოდეს. სტრატეგიული კონკურნეციის ეპოქაში, თანამშრომლობა და პარტნიორობა სტრატეგიულად უნდა გამოიყენო. თუ ნატოს საქართველოსთან და უკრაინასთან თანამშრომლობის გაღრმავება სურს, მაშინ ეს უნდა დაიწყოს პარტნიორების დაფინანსების და მათთან კომუნიკაციის მიმართ უფრო სისტემური და სტრატეგიული მიდგომით,"-განაცხადა მან.

დღის ამბები