კომერციული ობიექტებისთვის კუბური მეტრი გაზის საფასური 24 თეთრით გაძვირდება.
გადაწყვეტილება კომპანია "თბილისი ენერჯიმ" ინფლაციით გამოწვეული ფინანსური პრობლემებით ახსნა.
კერძოდ, კომპანიაში განმარტავენ, რომ მომწოდებლებისგან გაზის დოლარში შესყიდვა გაცილებით მეტი ჯდება, ვიდრე საფასური, რასაც აბონენტები ეროვნული ვალუტით იხდიან.
ცვლილება შეეხება მხოლოდ კომერციულ და არა საყოფაცხოვრებო ნაწილს. "კურიერთან" სემეკის თავმჯდომარე ადასტურებს, რომ მოქალაქეებისთვის გაზის ტარიფი სამი წლის განმავლობაში ფიქსირებულად არის დადგენილი და არ მოიმატებს.
კომერციულ ობიექტებს შორის გამონაკლისი, ვისთვისაც ტარიფი არ გაიზრდება, 30-მდე მსხვილი პურპროდუქტების საწარმოა. "თბილისი ენერჯი" გადაწყვეტილებას სოციალური ფონით ხსნის. ამის გარდა, მთავრობა სუბსიდირებითაც ეხმარება იმ მეწარმეებს, რომლებიც ფქვილს უცხოურ ვალუტაში ყიდულობენ.