29 ნოემბერი 2024,   03:39
ვრცლად
ინფიცირებულების 4-ათასიანი ნიშნული - ბოლო 24 საათში თითქმის იმდენივე დაავადებული გამოვლინდა, რამდენიც განიკურნა

თენგიზ ცერცვაძე მედიასთან "კოვიდ -19-ის" დამარცხების შემდეგ დღეს პირველად გამოჩნდა. ინფექციური კლინიკის დირექტორი და კორონავირუსის კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელი ვირუსის აღმავალი დინამიკის ფონზე საზოგადოებას სიმშვიდისკენ მოუწოდებს.

ინფექციონისტმა მზარდი კოვიდ სტატისტიკის პირობებში რეგულაციების დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანამ მინიმალური დანაკარგებით, "კოვიდ -19-ის" უკეთესი კლინიკური მართვა უნდა უზრუნველყოს.

გუშინდელთან შედარებით კორონავირუსით დღეს 274-ით მეტი ადამიანი დაინფიცირდა. ინფექციის ახალი 4033 შემთხვევა დადასტურდა. ინფიცირებულია რუსთავის თირკმლის ცენტრის მედიკოსთა ნაწილი, ორი მედდა, სამი კი ტესტის პასუხს ელოდება.

ვირუსს ემსხვერპლა ქუთაისში ჩხობაძის სახელობის სამედიცინო ცენტრის ექთანი. 54 წლის პაციენტს თანმდევი დაავადება - დიაბეტი ჰქონდა. ინფიცირებული რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე ორი კვირის განმავლობაში მკურნალობდა.

ვირუსს 2 ადამიანი ემსხვერპლა აჭარაშიც.

დღევანდელი სტატისტიკით ვირუსს ემსხვერპლა 39 ადამიანი. კორონავირუსით გარდაიცვალა თბილისის მეტროს მემანქანე. 50 წელს გადაცილებული მამაკაცი კოვიდკლინიკაში 12 დღის განმავლობაში მკურნალობდა. პაციენტს თანმდევი დაავადებებიც ჰქონდა. მკურნალობას განაგრძონ მეტროს სხვა თანამშრომლები.

ამ დროსთვის კლინიკაში 6 397 პაციენტი მკურნალობს. ქვეყანაში ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა კი 20 387. ცხელი წერტილებია თბილისი, ბათუმი და ქუთაისი. მხოლოდ დედაქალაქში ინფექცია დღეს 1 705 ადამიანს დაუდასტურდა.

დღის ამბები