29 ნოემბერი 2024,   03:55
ვრცლად
2021 წელს ჯანდაცვის სექტორისთვის ბიუჯეტიდან დამატებით გამოიყოფა 450 მილიონი ლარის რესურსი - ბექა ლილუაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლის ეკონომიკურ საკითხებში, ბექა ლილუაშვილის განცხადებით, ჯანდაცვის სფეროს 2021 წლის ბიუჯეტიდან დამატებით 450 მილიონი ლარი გამოეყოფა.

მისივე თქმით, თანხა მიმართულია როგორც ინფრასტრუქტურის მოწყობისკენ, ასევე ინფიცირებული ადამიანების მკურნალობისთვის და ინფექციის გავრცელების შეჩერების ღონისძიებების განსახორციელებლად.  

"დამატებით ბიუჯეტში გამოყოფილია 450 მილიონი ლარის რესურსი, რომლის ნაწილი მიემართება ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, კონკრეტულად, სხვადასხვა საავადმყოფოს ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის, დამატებითი საწოლფონდის შექმნისთვის. მნიშვნელოვანი წილი მიემართება ინფიცირებულთა მკურნალობისა და რეაბილიტაციისთვის, ხოლო გარკვეული ნაწილი მიემართება გავრცელების პრევენციის ღონისძიებებისთვის,"-განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

ბექა ლილუაშვილმა 19 წლის გოგოს კორონავირუსით გარდაცვალებასთან დაკავშირებით მწუხარება კიდევ ერთხელ გამოთქვა და აღნიშნა, რომ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს, ხოლო მთავრობა მუშაობს იმისთვის, რომ მსგავსი ფაქტები არ განმეორდეს. 

"მოგეხსენებათ, რომ ჩვენ რამდენჯერმე არსებითად გავაუმჯობესეთ პირველადი ჯანდაცვის სისტემის რესურსი, მათ შორის, მოეწყო ონლაინ კლინიკებისა და ექიმების ინფრასტრუქტურა, რომლის საშუალებითაც ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად დავიყვანოთ მსგავსი შემთხვევების რისკები მინიმუმამდე. ამ მიმართულებით ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, რომ კიდევ უფრო ეფექტიანი გახდეს ამ მიმართულებით მუშაობა. ჩვენ უნდა მივცეთ გარკვეული დროის რესურსი ჯანდაცვის სექტორს, რადგან იმ ექიმებში, რომლებიც წინა ხაზზე დგანან, იცით, რომ საკმაოდ მაღალია მათში ინფიცირების მაჩვენებელი, რომ ეს რეკორდული მაჩვენებელი დავასტაბილუროთ იმისთვის, რომ ექიმების მდგომარეობა გაუმჯობესდეს და განახლებული რესურსებით ჩავერთოთ პროცესში,"-განაცხადა ბექა ლილუაშვილმა. 

დღის ამბები