პოლიციელებზე მუქარის ავტორი დაკავებულია. ასლან ვაშაყმაძე ფოთში დღეს აიყვანეს. ის სამართალდამცველებს თავს დაესხა და ფიზიკური დაზიანებები მიაყენა.
ირაკლი ოქრუაშვილის თანაპარტიელმა ეს დანაშაული იმ დროს ჩაიდინა, როდესაც დღეს პოლიციის განყოფილებაში ჰყავდათ.
მას შემდეგ, რაც მან სოციალურ ქსელში პირდაპირი ჩართვის დროს თქვა, რომ მოქალაქეებმა რომელიმე სამართალდამცველი ხელში უნდა ჩაიგდონ და სხვადასხვა დაზიანება მიაყენონ, ფაქტზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.
ჩადენილი დანაშაული დაგმო "ერთიანმა ნაციონალურმა" მოძრაობამ.
"ამ ადამიანის მიერ გავრცელებული ვიდეო როგორც კი ვნახე, "ფეისბუქზე" პოსტი გამოვაქვეყნე, დავგმეთ და ვემიჯნებით, ბუნებრივია. ჩვენ აქ ვდგავართ და ვიბრძვით იმისთვის, რომ გვქონდეს ნორმალური, თავისუფალი ადამიანების თავისუფალი ქვეყანა, რაც თავის თავში გამორიცხავს ყოველგვარ ძალადობას, ადამიანებზე თავდასხმას, არ აქვს მნიშვნელობა, იქნება პოლიციელი თუ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების ადამიანი,"- აცხადებს ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე მირდატ ქამადაძე.
პოლიციელებზე თავდასხმა და ძალადობა დაგმეს პარტია "ლელოში".
"პირველი განცხადება იმდენად მძიმე მოსასმენი იყო, რომ არაფერი მიკვირს ამ ნაწილში. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ტიპის ძალადობა, ნებისმიერი ტიპის ქმედება, რომელიც შელახავს მოქალაქის, პოლიციელის, პოლიტიკოსის, სამოქალაქო აქტივისტის უფლებებს, არის კატეგორიულად მიუღებელი და უნდა გაეცეს სამართლებრივი პასუხი,"-აცხადებს პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ირაკლი კუპრაძე.