29 ნოემბერი 2024,   03:43
ვრცლად
ამ დემოკრატიული კრიზისის ფონზე არ მაქვს მოლოდინი, რომ ნატოსკენ მიმავალ გზაზე რაიმე გარღვევას მივაღწევთ - სალომე სამადაშვილი

ოპოზიციას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან საქართველოს დაახლოების კუთხით პოზიტიური მოლოდინები არ აქვს. "ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის პირობებში ნატოსთან ურთიერთობის გაღრმავების პერსპექტივას სკეპტიკურად უყურებს. 

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნატო ფიქრობს საქართველოსთან ურთიერთობის მომავალზე სტრატეგიულ ჭრილში და აქვს თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი. ამ პოლიტიკური და დემოკრატიული კრიზისის ფონზე, მე არ მაქვს მოლოდინი, რომ ჩვენ შეიძლება რაიმე გარღვევას მივაღწიოთ ნატოსკენ მიმავალ გზაზე,"-აცხადებს სამადაშვილი.

იმავე აზრზეა "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძეც. ის მიიჩნევს, რომ თუკი ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტები არ გაძლიერდა, ნატოში გაწევრიანების სურვილის გაცხადება ხელისუფლების მხრიდან მხოლოდ პიარსვლად  დარჩება. 

"იმისათვის, რომ ჩვენი გაწევრიანება ევროატლანტიკურ სტრუქტურებში დაჩქარდეს, ამისათვის ჩვენს ქვეყანაში უნდა შეიცვალოს ის ვითარება, რომელიც დღეს არის. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ დემოკრატიული ინსტიტუტები, შეწყდეს პოლიტიკური ნიშნით დევნა, უნდა ჩავნიშნოთ ახალი არჩევნები. ამ შემთხვევაში, ჩვენ შევძლებთ დავაჩქაროთ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ჩვენი გაწევრიანება, წინააღმდეგ შემთხვევაში, დღევანდელი ხელისუფლების თითქოსდა სურვილი, რომ დაჩქარდეს ჩვენი გაწევრიანება, დარჩება მხოლოდ დეკლარაციად პიარული მიზნებისათვის,"- აცხადებს ბადრი ჯაფარიძე. 

შეგახსენებთ, რომ ნატოში საგარეო საქმეთა მინისტერიალის იმ ნაწილის დაწყებამდე, რომელიც უშუალოდ საქართველოს ეხება, რამდენიმე საათი რჩება. ონლაინ ფორმატში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სიტყვით ისარგებლებს. წინასწარ ცნობილია, რომ მინისტრი ყურადღებას სამ ძირითად მიმართულებაზე გაამახვილებს.

დღის ამბები