29 ნოემბერი 2024,   03:57
ვრცლად
დოკუმენტი მიუთითებს პროგრესზე, რასაც საქართველო ნაბიჯ-ნაბიჯ აღწევს ალიანსში გაწევრიანების გზაზე - დავით ზალკალიანი ნატოს ექსპერტთა ჯგუფის ანგარიშზე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი მიესალმება ნატოს ექსპერტთა ჯგუფის ანგარიშს - NATO 2030: United for a New Era, რომელიც, მისი თქმით, მნიშვნელოვან მხარდამჭერ გზავნილებსა და ხედვას შეიცავს საქართველოსთან მიმართებით.

გავრცელებულ განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ექსპერტების რეკომენდაციით, ნატომ უნდა გააფართოვოს და გააძლიეროს პარტნიორობა საქართველოსა და უკრაინასთან - დემოკრატიებთან, რომელთაც სურთ ნატოში გაწევრიანება, მაგრამ იმყოფებიან რუსეთის მუდმივი საგარეო და შიდა ზეწოლის ქვეშ.

"აღსანიშნავია, რომ დოკუმენტის შემუშავებაში გარკვეულწილად ქართული მხარეც იყო ჩართული. მადლიერი ვართ ექსპერტთა ჯგუფისა და ნატოს გენერალური მდივნის, რომელმაც გაითვალისწინა საქართველოს ხედვები და დოკუმენტის ფარგლებში კიდევ ერთხელ მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს ალიანსში მისწრაფებას.

საქართველოს, როგორც ნატოს ასპირანტი და მომავალი წევრი ქვეყნის, აქტიური მონაწილეობა ალიანსის მომავლის განმსაზღვრელი ამ დოკუმენტის შემუშავებაში მიუთითებს ნატოსა და საქართველოს შორის არსებულ განსაკუთრებულ ურთიერთობებზე.

აღსანიშნავია, რომ დოკუმენტი მნიშვნელოვან გზავნილებს შეიცავს ღია კარის პოლიტიკის შესახებ და სწორედ ამ კონტექსტში მოხსენიებულია სამი ასპირანტი ქვეყანა - საქართველო, უკრაინა და ჩრდილოეთ მაკედონია.

ექსპერტთა ჯგუფი დოკუმენტის სარეკომენდაციო ნაწილში მკაფიო რეკომენდაციას აძლევს ალიანსს, რომ იგი დარჩეს ერთგული 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებებისა და გადადგას კონკრეტული ნაბიჯები ამ გადაწყვეტილების განსახორციელებლად, და დღის წესრიგის უფრო მაღალ დონეზე აიყვანოს ასპირანტების გაწევრიანების საკითხი.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ნატოს ღია კარის პოლიტიკა, რომელიც წარმოადგენს ალიანსის ძირითად დამფუძნებელ პრინციპს, უნდა გააქტიურდეს და რომ კარი ღიაა ყველა ევროპული დემოკრატიისთვის, რომელიც ისწრაფვის ნატოს სტრუქტურებისკენ და რომელსაც შესწევს ძალა აიღოს წევრობასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობები და ვალდებულებები და წვლილი შეიტანოს ჩრდილოატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებაში.

დოკუმენტი აღნიშნავს, რომ ნატომ უნდა გააფართოვოს იმ პარტნიორების მხარდაჭერა, რომლებმაც გამოთქვეს ალიანსში გაწევრიანების სურვილი, დაეხმაროს მათ, ამ ქვეყნების პოლიტიკურ, სამხედრო, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სტრუქტურებთან თანამშრომლობის გზით, განავითარონ შესაბამისი მექანიზმები და განახორციელონ რეფორმები, რომლებიც აუცილებელია გაწევრიანების საჭირო კრიტერიუმების დასაკმაყოფილებლად.

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ქმედებები შეფასებულია, როგორც აგრესია, და ხაზგასმულია, რომ რუსეთის პოლიტიკა წარმოადგენს მთავარ საფრთხეს, როგორც ამ ქვეყნებისთვის, ისე შავი ზღვის რეგიონისთვის და ალიანსისთვის.

ექსპერტების რეკომენდაციით, ნატომ უნდა გააფართოვოს და გააძლიეროს პარტნიორობა საქართველოსა და უკრაინასთან - დემოკრატიებთან რომელთაც სურთ ნატოში გაწევრიანება, მაგრამ იმყოფებიან რუსეთის მუდმივი საგარეო და შიდა ზეწოლის ქვეშ.

აღნიშნული დოკუმენტი, ისევე როგოც ალიანსთან ურთიერთობის დატვირთული დღის წესრიგი მიუთითებს იმ პროგრესზე რასაც ჩვენი ქვეყნა ნაბიჯ-ნაბიჯ აღწევს ალიანსში გაწევრიანების გზაზე,"-ნათქვამია განცხადებაში. 

დღის ამბები