18 დეკემბერი 2024,   23:59
ვრცლად
ასადის რეჟიმის დანაშაულები - დამასკოდან 40 კილომეტრში 100 000 პატიმრის მასობრივი სამარხი აღმოაჩინეს

დამასკოდან 40 კილომეტრში 100 000 პატიმრის მასობრივი სამარხი აღმოაჩინეს. ალ კუტაიფას რაიონში მდებარე თხრილები, მასშტაბის გამო კოსმოსიდან ჩანს. უფლებადამცველების ინფორმაციით, ასადის დავალებით ქვეყანაში პოლიტიკური ოპონენტებისთვის ამგვარი ხუთი "სიკვდილის ქარხანა" იყო მოწყობილი.

სირიაში ჩავიდა გაეროს სპეციალური წარმომადგენელი, რომელიც სიდნაიას ციხეში იმყოფებოდა. წინასწარი დასკვნით, აქ წამებით 30 000 პოლიტიკური პატიმარი მოკლეს. სიკვდილით დასჯის შემდეგ ცხედრებს ოჯახის წევრებს არ უბრუნებდნენ. გაირკვა, რომ მათ სპეციალური პრესით და მჟავით ანადგურედნენ ან მაცივრებში ინახავდნენ.

გასული დღეების განმავლობაში, მსოფლიო მედიის ყურადღება სწორედ სედნაიას ციხისკენ იყო მიმართული. განხილვის საგანი გახდა CNN-ის სიუჟეტიც, სადაც ჟურნალისტმა ციხის საკანში მძიმე მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი აღმოაჩინა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ე.წ. ტყვე ბაშარ ალ ასადის დაზვერვის აგენტი იყო. ფაქტი ტელეკომპანიამაც დაადასტურა და შიდა მოკვლევა დაიწყო.

სირიას ახლა რადიკალური ისლამისტური დაჯგუფება "ჰაიატ ტახრირ ალ-შამის" წევრები აკონტროლებენ. ქვეყანაში არჩევნები ჩაინიშნა. მმართველმა ძალამ კი საერთაშორისო საზოგადოებასთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა, რასაც ბრიუსელიდან პასუხი მოჰყვა. ევროპის მინისტრები მოითხოვენ გარდამავალმა მთავრობამ სირიიდან რუსი სამხედროები გაიყვანოს. მსოფლიო მედია, წერს, რომ სირიაში რუსეთის სამხედრო ინფრასტრუქტურის დემონტაჟი უკვე მიმდინარეობს.

უკვე გადაწყდა, რომ ევროკავშირი დამასკოში სპეციალურ წარმომადგენელს გაგზავნის, რომელიც ადგილზე არსებული ვითარებას შეისწავლის. სიტუაციის სტაბილიზაციის მიუხედავად, სირიის რეგიონებში პრო თურქულ და პრო ქურთულ რადიკალურ დაჯგუფებებს შორის შეტაკებები ამ დრომდე მიმდინარეობს.

ავტორი: ლუკა ჩლაიძე. 

დღის ამბები