19 დეკემბერი 2024,   00:26
ვრცლად
ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ვიზიტი - რა გზავნილებით ჩამოვიდა ალან ბერსე საქართველოში

21 დღიანი პროტესტის ფონზე, საქართველოში ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ჩამოვიდა.

მთავრობის ადმინისტრაციაში დელეგაცია ევროსაბჭოდან დაახლოებით 11 საათზე მივიდა. გენერალურ მდივანს - ალენ ბერსეს საქართველოს მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე პირადად დახვდა და მასთან ქვეყანაში მიმდინარე პროცესების პარალელურად, საქართველო-ევროსაბჭოს სამომავლო თანამშრომლობის საკითხიც მიმოიხილა. საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო 28 ნოემბერს მმართველი გუნდის მიერ მიღებული გადაწყვეტილებაც. ირაკლი კობახიძემ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ალენ ბერსესთან, ქვეყანაში განხორციელებული რეფორმები და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესიც განიხილა. კანცელარიაში შეხვედრა საათნახევარს გაგრძელდა, მთავრობის მეთაურის გარდა, მას საგარეო საქმეთა მინისტრიც ესწრებოდა.

ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა, მთავრობის ადმინისტრაციიდან საკანონმდებლო ორგანოში გადაინაცვლა. პარლამენტის თავმჯდომარესთან და უმრავლესობის წევრებთან შეხვედრისას, საუბარი შეეხო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და მიმდინარე საპროტესტო აქციებს. შალვა პაპუაშვილმა ყურადღება საპარლამენტო საქმიანობაში ოპოზიციის მონაწილეობის როლზეც გაამახვილა, როგორც დემოკრატიული პროცესის განუყოფელ ნაწილზე.

ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ვიზიტს მნიშვნელოვანს უწოდებს "ქართული ოცნება", რომლის საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს ალენ ბერსე პირადად შეხვდა. სახელისუფლებო გუნდში დღეს თქვეს, რომ ამ ვიზიტით და შეხვედრებით, ლეგიტიმაციაზე საუბარი და სპეკულაციები დასრულდა.

განსხვავებულად უყურებს ვიზიტს ოპოზიცია, სადაც ამბობენ, რომ ევროსაბჭოს გენერალური მდივნის საქართველოში ჩამოსვლას მხოლოდ ერთი მიზანი აქვს - არ გამწვავდეს პოლიტიკური კრიზისი.

"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ოპოზიციის მსგავსი განცხადებები, სწორედ ამ ვიზიტმა უნდა დაასრულოს. გარდა ამისა, როგორც სახელისუფლებო გუნდში განმარტავენ, საქმიანი კომუნიკაცია პარტნიორებთან სახელმწიფოსთვის ყოველთვის საჭირო და მნიშვნელოვანია.

ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს დღეს საკმაოდ დატვირთული გრაფიკი ჰქონდა - მთავრობის ადმინისტრაციასა და საკანონმდებლო ორგანოში გამართული შეხვედრების გარდა, ის სამოქალაქო სექტორის ნაწილს და სახალხო დამცველსაც შეხვდა. ალენ ბერსეს ლევან იოსელიანისგან საპროტესტო აქციების დროს დაკავებულების და დაშავებულების მდგომარეობა და ამ პროცესში ომბუდსმენის აპარატის საქმიანობა აინტერესებდა. შეხვედრის შესახებ, სოციალურ ქსელ X-ში სტატუსი გამოაქვეყნა თავად ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმაც.

ალენ ბერსე საქართველოში გუშინ გვიან ღამით ჩამოვიდა, მას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დახვდა. ვიზიტი 21 დეკემბერს დასრულდება, ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს შეხვედრები უკვე დაგეგმილი აქვს ოპოზიციასთან, მესამე სექტორთან და არჩეულ პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან.

დღის ამბები