რუმინეთის, იტალიისა და ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა ოფიციალური განცხადებები გაავრცელეს და თქვეს, რომ მხარს უჭერენ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის წინადადებას სანქციებთან დაკავშირებით. დაწერეს, რომ იმედგაცრუებულები არიან ევროკავშირის დონეზე გამართული შიდა დისკუსიების არაზუსტად წარმოჩენით. ამ განცხადებების საპასუხოდ, პრემიერი განმარტავს, რომ კონკრეტულ ქვეყნებთან დაკავშირებით სანდო და საიმედო ინფორმაცია ჰქონდა.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სანქციებზე ქვეყნები ვერ თანხმდებოდნენ, საჯაროდაც გავრცელდა. "რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს ხელმძღვანელმა ჯერ კიდევ გადაწყვეტილების მიღებამდე დაწერა, რომ უნგრეთსა და სლოვაკეთთან ერთად სანქციებს სხვა ქვეყნებიც ეწინააღმდეგებოდნენ. რიკარდ იოზვიაკმა დააკონკრეტა, რომ, მათ შორის, ერთ-ერთი რუმინეთიც იყო. ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის შეუთანხმებლობაზე ღიად საუბრობდა კაია კალასიც.
მმართველ პარტიაში მიაჩნიათ, რომ კონკრეტულ ქვეყნებზე ინფორმაცია შემთხვევით არ გავრცელებულა. მათ შორის, არც რუმინეთზე - რიკარდ იოზვიაკის მხრიდან, რომელსაც ბრიუსელში სანდო წყაროები ჰყავს. "ქართული ოცნება" ბოლო ამ ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს კონკრეტულ მიზეზებს უკავშირებს.
ხელისუფლების ოპონენტები კი საინფორმაციო ომზე საუბრობენ. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ევროკავშირის ქვეყნები სათქმელს ყოველთვის საჯაროდ და მკაფიოდ ამბობენ.
ვის რა პოზიცია ჰქონდა ევროკავშირის მინისტერიალზე - მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია ისიც, რომ სანქციების დღის წესრიგში დაყენების წინაპირობები არ არსებობდა.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალი ბრიუსელში 16 დეკემბერს ჩატარდა - ტრადიციულად დახურულ ფორმატში. მსგავსი შეხვედრების შინაარსთან დაკავშირებით მისი მონაწილეები ინფორმაციას საჯაროდ საკუთარი სურვილის მიხედვით ავრცელებენ.