სალომე ზურაბიშვილი სტრასბურგშია. რობერტა მეცოლამ ზურაბიშვილი სტრასბურგში პირადად მიიწვია. ზურაბიშვილმა, რომელსაც საპრეზიდენტო ვადა 29 დეკემბერს ეწურება, ევროპარლამენტის ტრიბუნა დაიკავა და საპროტესტო აქციების მთავარ მოთხოვნებზე ისაუბრა. ზურაბიშვილი ევროპელი პოლიტიკოსებისგან მეტ აქტიურობას მოითხოვს და ეუბნება, რომ ევროპა გამოწვევას ბოლომდე არ პასუხობს და ტრანზიცია უნდა დაჩქარდეს.
საქართველოს ინტერესების მორიგი ღალატი - ასე აფასებენ სალომე ზურაბიშვილის მოწოდებას მმართველ გუნდში. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ზურაბიშვილი საკუთარი ქვეყნის საზიანოდ, ყველა საშუალებას იყენებს.
როგორც ოპოზიციაში ამბობენ, სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტის ტრიბუნიდან რეალური გზავნილები გაახმოვანა. სახელისუფლებო გუნდის ოპონენტები, ზურაბიშვილის მსგავსად, დასავლეთისგან კონკრეტულ ქმედებებს ითხოვენ.
სალომე ზურაბიშვილის აქტივობებზე განსაკუთრებული აქცენტის გაკეთება აღარ სურთ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებს. "ქართული ოცნების" ლიდერები განმარტავენ, რომ სტრასბურგში ზურაბიშვილის ჩასვლის მთავარი მიზანი პერფორმანსის მოწყობა იყო.
ევროპარლამენტის ტრიბუნიდან სალომე ზურაბიშვილის მიმართვა, დაახლოებით ნახევარი საათი გაგრძელდა.