საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემა "ღამის კურიერში" საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის დღეს არსებულ ურთიერთობებთან დაკავშირებით ისაუბრა.
როგორც ბოჭორიშვილმა აღნიშნა, აშშ-ის გადაწყვეტილება, საქართველოსთან შეაჩეროს პარტნიორობა, რეგიონში არსებულ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტს უკავშირდება.
ბოჭორიშვილის თქმით, იმედს იტოვებს, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა აღდგება, რადგან ეს პარტნიორობა შინაარსზე იყო დაფუძნებული, რომელიც არსად გამქრალა.
"ჩვენ ამ დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ ვუკავშირებთ იმ ომს, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს უკრაინაში და ზოგადად, იმ ვითარებას, რომელიც შექმნილია რეგიონში.
ამასთან დაკავშირებით უკვე არაერთხელ მოგვისმენია ამერიკის ახლად არჩეული პრეზიდენტის პოზიცია თუ როგორ ხედავს ჩვენს რეგიონში ამ კონფლიქტის სასწრაფოდ დარეგულირების საჭიროებას. სანამ თეთრ სახლში დაიკავებს ადგილს, მანამდეც კი გადადგა გარკვეული ნაბიჯები ამ მიმართულებით და ვხედავთ, რომ მუშაობა მიდის ამ საკითხზე უკრაინის ხელისუფლებასთანაც, რუსეთთანაც და არის გარკვეული მოძრაობები ამ მიმართულებით. ეს იძლევა იმის ფიქრის საფუძველს, რომ ძალიან მალე ეს საკითხი დადგება საერთაშორისო დღის წესრიგში კიდევ უფრო აქტიურად და რუსეთსაც და უკრაინასაც მოუწევთ, რომ გარკვეულ შეთანხმებაზე და დიპლომატიური გზების ძიებაზე დაიწყონ ფიქრი. როგორი იქნება ეს გადაწყვეტა, იქნება თუა არა ისეთი, როგორიც ჩვენ ყველას გვიდა რომ ვნახოთ, მეორე საკითხია, მაგრამ როდესაც ვსაუბრობთ იანვარზე, ეს არის თარიღი, როდესაც ამერიკის ახლად არჩეული პრეზიდენტი დაიკავებს ადგილს.
არ მაქვს მოლოდინი, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი შევა კაბინეტში და პირველი საქართველოზე ფიქრსა და ზრუნვას დაიწყებს. ურთიერთობები იქნება სხვაგვარი, ეს ეფუძნება იმ წინაპირობას, რაც არის. ეს გაუარესებული ურთიერთობები იქნება შეცვლილი და ეს ვითარება იქნება სხვაგვარი რამდენიმე თვეში.
დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი მოხდება [სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა]იმის გამო, რომ საქართველო არის მნიშვნელოვანი ქვეყანა და მნიშვნელოვანი პარტნიორი, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტაბებისთვისაც, ის სტრატეგიული პარტნიორობა, რაც გვქონდა, არ იყო აბსტრაქტული რამ, ამას ჰქონდა კონკრეტული მიზეზები რატომ უნდოდა ამერიკას საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა - სწორედ მნიშვნელობიდან გამომდინარე და ეს მნიშვნელობა არსად წასულა, აქ არის საქართველოს მნიშვნელობა და რა თქმა უნდა, [ურთიერთობის აღდგენის] იმედი მაქვს.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყველა სტრატეგიულ პარტნიორთან პარტნიორობა შინაარსით იყოს დატვირთული. ჩვენ ეს არაერთხელ გვითქვამს, სამწუხაროდ ეს არ გამოვიდა ამ ადმინისტრაციის პირობებში. არაერთხელ გამიგზავნია გზავნილი, რომ გვსურს შინაარსით დავტვირთოთ ეს ურთიერთობები და ჩვენი ურთიერთობა იყოს ნამდვილად სტრატეგიული", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.