"ელჩის დანიშვნა და მივლინება კონკრეტულ ქვეყანაში, საკმაოდ გრძელ პროცედურებს უკავშირდება და ეს პროცედურები ძალიან მალე დაიწყება იმისათვის, რომ საქართველო იყოს სრულად წარმოდგენილი საერთაშორისო ასპარეზზე და ის საელჩოები, სადაც გვაქვს საელჩოები, ჩაბარდეს ელჩებს," - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა.
მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი განსაკუთრებით დიდ ძალისხმევას ხარჯავდა იმაზე, რომ საქართველოს დიპლომატიური კორპუსი არ ყოფილიყო სათანადოდ წარმოჩენილი საერთაშორისო არენაზე.
"სამწუხაროდ, დღეს ძალიან ბევრ საელჩოს არ ჰყავს ელჩი და ამას ჰქონდა თავისი მიზეზები. იცით, რომ სალომე ზურაბიშვილი განსაკუთრებით დიდ ძალისხმევას ხარჯავდა იმაზე, რომ საქართველოს დიპლომატიური კორპუსი არ ყოფილიყო სათანადოდ წარმოჩენილი საერთაშორისო არენაზე და ჩვენ გვყოლოდა ელჩები", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მან აშშ-ში საქართველოს უკვე ყოფილი ელჩის, დავით ზალკალიანის თანამდებობიდან წასვლაზეც ისაუბრა.
"დავით ზალკალიანის გადაწყვეტილება იყო ასეთი, მას ვერავინ შეუშლიდა ხელს, ისევე როგორც სხვა დანარჩენ ელჩებს, რომლებმაც ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს. მაგრამ ერთს ვიტყვი, როდესაც დიპლომატიურ კორპუსზეა საუბარი, ჩემთვის ეს უწყება, საგარეო საქმეთა სამინისტრო და დიპლომატიური კორპუსი, ეს არის ქვეყნის თავდაცვის და ქვეყნის ინტერესების დაცვის პირველი წინა ხაზი და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ პირველი წინა ხაზის სიმტკიცეს და სიძლიერეს.
ვიდრე ვიქნები საგარეო საქმეთა მინისტრი, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს სამინისტრო და დიპლომატიური კორპუსი იყოს ისეთი ძლიერი, როგორიც სჭირდება საქართველოს ინტერესების დაცვას და საქართველოს უსაფრთხოების დაცვას", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.