"სალომე ზურაბიშვილის მოთხოვნაც არის მარტივი, რომ ევროპელებმა ის გადაწყვეტილებები, რომლებიც უკვე არსებობს კაბინეტებში, ბევრად უფრო სწრაფად მოიყვანონ სისრულეში" - განცხადება "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ლევან სანიკიძემ, სალომე ზურაბიშვილის ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლის შესახებ საუბრისას გააკეთა. საუბარია სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე, სადაც მან ევროპელ პოლიტიკოსებს მიმართა.
"ფაქტი არის, რომ მსოფლიოში და განსაკუთრებით ჩვენს სამეზობლოში მნიშვნელოვნად მცირდება რუსეთის გავლენა. ეს ჩვენ ვნახეთ სირიაში, სომხეთის არჩევნებში, ვნახეთ მოლდოვის არჩევნებში, ამას ვხედავთ რუმინეთში, უკრაინაზე საუბარიც ზედმეტია. ამ ვითარებაში მნიშვნელოვანია, რომ ის ბიუროკრატია და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს ევროპული ბიუროკრატიის სიდიდე, გადაწყვეტილების მიღების საკმაოდ რთული მექანიზმები არსებობს, რომლის სისრულეში მოყვანა კიდევ უფრო რთულია ბიუროკრატიული მანქანის ხასიათიდან გამომდინარე, უფრო უნდა დაჩქარდეს. ჩვენ ამის ნათელ მაგალითს ვხედავთ. პირობითად, ის საშინელი კაზუსი, რაც ბატონმა კობახიძემ ქართულ სახელმწიფოს დამართა რუმინეთთან, ესპანეთთან და იტალიასთან დაკავშირებით, დარწმუნებული ვარ, რომ რამდენიმე თვის წინ მსგავსი განცხადება რომ გაეკეთებინა, ბევრად უფრო დიდი დრო დასჭირდებოდა ამ სამ სახელმწიფოს ტყუილის მხილებაში, მაგრამ იმდენად ტოქსიკური გახდა "ქართული ოცნების" არალეგიტიმური ხელისუფლება უკვე არალეგიტიმური პრეზიდენტით, რომ ბუნებრივია, სალომე ზურაბიშვილის, საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტის მოთხოვნაც არის ძალიან მარტივი, რომ ევროპელებმა ის გადაწყვეტილებები, რომლებიც უკვე არსებობს კაბინეტებში, ბევრად უფრო სწრაფად მოიყვანონ სისრულეში," - აცხადებს ლევან სანიკიძე.