საქართველოს ელექტროგადამცემი ქსელის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტი, წყალტუბოში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გახსნა. მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ქვესადგური "წყალტუბო 500"" ორი წლის განმავლობაში შენდებოდა. ირაკლი კობახიძემ ქვესადგურის პოტენციალზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროექტის განხორციელების შემდეგ რეგიონული ინფრასტრუქტურის გამტარუნარიანობა გაიზრდება და ქვეყნის ელექტროენერგიის საექსპორტო და სატრანზიტო პოტენციალის მაქსიმალური ათვისება მოხდება. პრემიერმა ერთ-ერთ მთავარ მიზნად, 2030 წლისთვის საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობა დაასახელა.
წყალტუბოს ქვესადგური, საქართველოს სწრაფად განვითარებად ელექტროენერგეტიკულ რგოლად დაასახელა ეკონომიკის მინისტრმა. დავითაშვილი საქართველოს ენერგეტიკული პოტენციალის მაქსიმალურ გამოყენებაზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც საქართველოს ევროპის სახელმწიფოების საიმედო ენერგეტიკულ პარტნიორად აქცევს. "ენერგომომარაგების საიმედოობისა და ფინანსური გაჯანსაღების პროექტის" ფარგლებში, ასევე იგეგმება ელექტროგადამცემი ხაზის "ჯვარი-წყალტუბო" მშენებლობა, რომელიც დაუკავშირდება წყალტუბოს ქვესადგურს.
ქვესადგურის სამშენებლო სამუშაოები, თურქულმა კომპანიამ შეასრულა. ღონისძიებაზე მეზობელი ქვეყნის ელჩმა, თურქეთსა და საქართველოს შორის არსებულ სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე და ურთიერთობის გაღრმავებაზე ისაუბრა. პროექტის ფარგლებში შესრულდა ყველა გარემოსდაცვითი ვალდებულება. ქვესადგურის მშენებლობაში სხვადასხვა პროფილის 350-მდე ადამიანი იყო დასაქმებული.
საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ ქვესადგურის "წყალტუბო 500" მშენებლობა დაასრულა. პროექტის ღირებულებამ 19.8 მილიონი დოლარი შეადგინა.
ავტორი: სიმონ შანავა.