ევროპელი კანონმდებლების წინაშე საქართველოს პრეზიდენტი რამდენიმე საათში წარდგება. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი სტრასბურგში ლეგიტიმურია და, მმართველი გუნდისგან განსხვავებით, დარწმუნებული არიან, რომ ყველა მისი გზავნილი მართებული იქნება, "ქართულ ოცნებაში" კი მიიჩნევენ, რომ საქართველოსთვის სასიკეთო ამ ვიზიტსაც არაფერი მოჰყვება.
"ქართული ოცნების" წევრის, ირაკლი კირცხალიას განცხადებით, გამორიცხულია, სალომე ზურაბიშვილის გამოსვლაში რაიმე ეროვნული და ქვეყნისთვის სასიკეთო ითქვას.
"აბსოლუტურად არაფერს არ წარმოადგენს სალომე ზურაბიშვილის იქ ვიზიტი ჩვენთვის და განსაკუთრებით - ქვეყნისთვის. ამაში ვარ დარწმუნებული. გამორიცხულია, რომ რაიმე ეროვნული და ქვეყნისთვის სასიკეთო მოვისმინოთ. უფრო მოვისმენთ იმ ვიწროპარტიულ შეფასებასა და გამოსვლას, როგორითაც არის დაკავებული ქალბატონი სალომე ბოლო წლები და განსაკუთრებით - ბოლო თვეები", - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
სტრასბურგში სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ დაპატიჟა. ევროპარლამენტმა საქართველოს პრეზიდენტის მიწვევასთან დაკავშირებით პრესრელიზი გუშინ გაავრცელა, სადაც ასევე ნათქვამია, რომ ზურაბიშვილი ბოლო წლებში "ქართული ოცნების" მკაცრი კრიტიკოსია.