ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხზე დღეს იმსჯელებენ. შეხვედრა, თბილისის დროით, პირველ საათზე დაიწყება.
მას პირველად უხელმძღვანელებს კაია კალასი, რომელიც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელია საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში. საგარეო საქმეთა საბჭოზე საქართველოში მიმდინარე ბოლო მოვლენებზე იმსჯელებენ.
სხდომაზე განიხილავენ თანამშრომლობის საკითხებს საქართველოს კანდიდატობისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში. შეხვედრის დაწყებამდე ითქვა, რომ საუბარია სანქციებსა და დიპლომატიური პასპორტების მფლობელი პირებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესებაზე.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასის განცხადებით, საქართველო არ ვითარდება იმ მიმართულებით, რომლითაც კანდიდატი ქვეყანა უნდა ვითარდებოდეს.
"რასაც საქართველოსთან მიმართებით ვხედავთ არის ის, რომ ქვეყანა, რომელსაც კანდიდატის სტატუსი აქვს, არ ვითარდება იმ მიმართულებით, რომლითაც უნდა მიდიოდეს. ვაპირებთ განვიხილოთ, თუ რა შედეგები მოჰყვება საქართველოს ხელისუფლების რეპრესიებს და ყველა იმ ინსტრუმენტების გამოყენებას, რასაც ოპოზიციის წინააღმდეგ იყენებენ, თუ რა შეუძლია გააკეთოს ევროკავშირს. ასე რომ ერთი ზომა, რა თქმა უნდა, სანქციებია, მეორე კი უვიზო რეჟიმის შეზღუდვა. ჩვენ გვქონდა ეს დისკუსიები და, რა თქმა უნდა, 27 დემოკრატიულ ქვეყანას საკუთარი იდეები აქვს, ამიტომ ამას დრო სჭირდება. მაგრამ დიახ, ჩვენ შევთავაზეთ ადამიანების სია, რომლებიც ოპოზიციის მიმართ ძალადობენ. შეზღუდვების დაწესება წევრი ქვეყნების სურვილის შესაბამისად კომისიას დაევალება", - განაცხადა კაია კალასმა.
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, კიასტუსის ბუდრისი სანქციებისა საქართველოს მაღალჩინოსნებზე დაწესებული სანქციებსა და და ზომების გამკაცრების შესახებ საუბრობს.
"ლიეტუვაში ჩვენ უკვე დავაწესეთ სანქციები თითქმის 30 პირზე, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ ოპოზიციის საპროტესტო აქციების სასტიკი ჩახშობის ორგანიზებაში. ჩვენ მოვუწოდებთ ევროკავშირს ასევე დააწესოს სანქციები ამ პირების წინააღმდეგ. მეორე არის უვიზო რეჟიმი. დიპლომატიური და ოფიციალური პასპორტების მფლობელებს უნდა ავუკრძალოთ. ეს არის ის მინიმუმი, რაც უნდა გავაკეთოთ. ასევე გაგზავნეთ ეს ძლიერი სიგნალი, რომ ჩვენ შეგვიძლია გავაფართოოთ ეს აკრძალვა მომავალში. მესამე არის საქართველოსთან ტექნიკური და პოლიტიკური მოლაპარაკებების წარმოება ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმების ფარგლებში. ასევე ყველა ინსტიტუციური მოლაპარაკების შეწყვეტა საქართველოს სამთავრობო უწყებებთან, ასევე შეწყდეს ფინანსური მხარდაჭერა, რომელიც ეძლევა ინსტიტუტებს. ჩვენ უნდა გავუგზავნოთ სიგნალი ქართველ ხალხს. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს პრეზიდენტს ზურაბიშვილს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიციას არჩევნების ხელახლა ჩატარების თაობაზე, რადგან ეს არის სწორი გზა, რომლითაც ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ მთელი ეს სიტუაცია", - განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.