21 ნოემბერი 2024,   15:54
ვრცლად
"ქართულ ოცნებაში" ამტკიცებენ, რომ ოპოზიციის კიდევ ერთი სტრატეგია გაშიფრეს - საუბარია, არჩევნებამდე დადებულ გარიგებაზე

"ქართულ ოცნებაში" ამტკიცებენ, რომ ოპოზიციის კიდევ ერთი სტრატეგია გაშიფრეს. საუბარია, არჩევნებამდე დადებულ გარიგებაზე, რომელიც 26 ოქტომბერს სრული ძალით ამოქმედდა. სახელისუფლებო პარტიის წევრების თქმით, "ნაციონალურმა მოძრაობამ" გახარიასა და ხაზარაძის პარტიებს ბარიერის გადასალახად, საკუთარი აქტივი დაახმარა. მიზანი - საზოგადოებისთვის პარტიული მრავალფეროვნების შეთავაზება იყო. პოსტ-საარჩევნო გარემომ, მმართველი გუნდისთვის, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რეალურად ოთხივე ბარიერგადალახული ძალა ნაცმოძრაობის იდეურ ერთობას წარმოადგენს.

ბრალდების საპასუხოდ, დღეს, "ნაციონალურ მოძრაობაში" კომენტარი არ გაუკეთებიათ. კითხვებზე დეტალური განმარტებების გაკეთება არც "ლელოსა" და "ახალის" ლიდერებმა ისურვეს. მათი თქმით, "ოცნების" მიერ გაშიფრულ სქემას არ იწონებენ და არც მისი ობიექტურობის სჯერათ.

სახელისუფლებო გუნდის მიერ გასაჯაროებულ საარჩევნო ტაქტიკას არადამაჯერებელს უწოდებენ გიორგი გახარიას თანამოაზრეები. "საქართველოსთვის" წევრები ამტკიცებენ, რომ მათ საარჩევნო რეზულტატი დამოუკიდებლად, "ნაცმოძრაობის" დახმარების გარეშე მოიპოვეს. პოლიტიკოსების თქმით, მსგავსი ბრალდებებით ხელისუფლება ოპონენტების დისკრედიტირებას ცდილობს.

ოპოზიცია, რომ საერთო ლობისტების მხრიდან ინსტრუქციების მიხედვით მოქმედებს - ეს მმართველი გუნდისთვის აქსიომაა.

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში 5-პროცენტიანი ბარიერი 4-მა ოპოზიციურმა პარტიამ გადალახა. ამ დრომდე არცერთი მათგანი შედეგებს არ აღიარებს და პარლამენტში შესვლაზე
უარს ამბობს.

დღის ამბები