24 დეკემბერი 2024,   07:42
ვრცლად
საერთაშორისო რეიტინგი - "მთავრობის ეფექტურობის" მიხედვით, მსოფლიო ბანკის რეიტინგებში საქართველო 189 სახელმწიფოს შორის, 35-ე ადგილზეა

მთავრობის ეკონომიკური გუნდი საქართველოს წარმატებაზე, მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული რეიტინგების მონაცემებით საუბრობს. ირკვევა, რომ "მთავრობის ეფექტურობის" მიხედვით, 100%-დან ქვეყანამ, თითქმის, 78 პროცენტი მიიღო და 189 სახელმწიფოს შორის, 35-ე ადგილზე დაწინაურდა. საქართველო ლიდერობს "კორუფციის კონტროლის" კუთხითაც. რეიტინგის მიხედვით, სახელმწიფო კავკასიასა და შავიზღვისპირეთში პირველ ადგილს იკავებს. კიდევ ერთი მიმართულება, რაზეც მსოფლიო ბანკი აქცენტს აკეთებს, კანონის უზენაესობაა. ამ მონაცემებით, საქართველო ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას და ნატო-ს წევრ 5 სახელმწიფოს უსწრებს.

მსოფლიო ბანკის კიდევ ერთი რეიტინგი, რეგულირების ხარისხს ეხება, რომლის მიხედვითაც, საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია. 100%-იანი სისტემით ქვეყანას 79,7 ქულა აქვს. მონაცემებთან დაკავშირებით სკეპტიკურია ოპოზიციის ნაწილი. მმართველი გუნდი კი ოპონენტებს ავტორიტეტული ორგანიზაციის მონაცემების გათვალისწინებას ურჩევს.

საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს სხვადასხვა მიმართულებით დაწინაურებას, სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას უკავშირებენ ანალიტიკოსები. ექსპერტები ამბობენ, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდა, საქართველოში არსებულ დემოკრატიულ პროცესებზე მიუთითებს.

ახალი მონაცემებით ირკვევა ისიც, რომ მსოფლიო ბანკის წევრ სახელმწიფოთა შორის, საქართველომ კორუფციისაგან თავისუფლების მიხედვით, მსოფლიო მასშტაბით მეოცე შედეგი აჩვენა. ევროპაში კი საფრანგეთის, ესტონეთის, ჩეხეთის და ბელგიის თანაბარი შეფასება აქვს.

დღის ამბები