24 დეკემბერი 2024,   07:26
ვრცლად
Pro V&V-ის აუდიტის დასკვნა - აუდიტის შედეგად დადგინდა, რომ ამომრჩევლის დუბლირება შეუძლებელია და ერთი ამომრჩეველი სიაში მხოლოდ ერთხელაა შეყვანილი

ამომრჩეველთა მთლიანი ოდენობის, მათი უნიკალური საიდენტიფიკაციო ნომრების დათვლა და ამომრჩეველთა მონაცემების დუბლირების შესაძლებლობა - ეს ის სამი მთავარი საკითხია, რაზეც ამერიკულმა აუდიტორულმა კომპანიამ დასკვნა მოამზადა. აუდიტი ცესკოს მოთხოვნით ჩატარდა. შესწავლის შედეგად კი კომპანია Pro V&V-მ დაადგინა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის სერვერზე არსებული ამომრჩეველთა სია, აპარატში ჩატვირთულ სიასთან შესაბამისობაშია, ამომრჩევლის დუბლირება შეუძლებელი და ერთი ამომრჩეველი მხოლოდ ერთხელაა სიაში შეყვანილი.

აუდიტორული კომპანია Pro V&V-ის დასკვნამ საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელისთვის ყველა კითხვას და სპეკულაციას პასუხი გასცა. გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ერთი ხმა არის ერთი ხმა და დუბლირების შესაძლებლობა აუდიტის შედეგად გამოირიცხა.

მესამე სექტორს შეკითხვები ამერიკული კომპანიასთან არა, თუმცა ცესკოსთან ისევ რჩება. არასამთავრობო ორგანიზაციები ინტერესდებიან, მათ მიერ გამოვლენილ დარღვევებში რამდენად იყო ჩართული ელექტრონული სისტემა. ოპოზიციას არც დასკვნის დამოუკიდებლობის სჯერა და ისევ საერთაშორისო გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობს.

"მიზანმიმართული დეზინფორმაცია" - ასე აფასებს სახელისუფლებო პარტია არასამთავრობო სექტორისა და ოპოზიციის განცხადებებს. ”ქართულ ოცნებაში” მიაჩნიათ, რომ აუდიტის მესამე დასკვნამაც დაადასტურა, რომ ხმის მიცემის დუბლირებაზე აპელირება სიცრუეა და ოპონენტების მიზანი საზოგადოების ხელოვნურად შეცდომაში შეყვანაა.

საარჩევნო ადმინისტრაცია დაინტერესებულ მხარეს აუდიტის დასკვნის ობიექტურად შეფასებისკენ მოუწოდებს. ცესკოში ამბობენ, ამერიკული კომპანია მაღალი რეპუტაციით სარგებლობს. კომპანია Pro V&V-მ კი, საბოლოო დასკვნა ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატების, ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული მოწყობილობებისა და ტაბლეტ კომპიუტერების დეტალურად შემოწმების შედეგად მოამზადა.

დღის ამბები