ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია დაიწყო. დელეგაცია 22 პოლიტიკური და სამოქალაქო ლიდერის, საარჩევნო ექსპერტის და რეგიონის სპეციალისტისგან შედგება - ისინი ცხრა სხვადასხვა ქვეყნიდან არიან.
დელეგაციის წევრები ექვს თემატურ გრძელვადიან ანალიტიკოსს შეუერთდებიან, რომლებმაც საქართველოში წინასაარჩევნო გარემოზე დაკვირვება ივლისში დაიწყეს. დელეგაციას გაუძღვებიან ტომ მალინოვსკი, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი კონგრესმენი და სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და შრომის მიმართულებით; ასევე პერ ეკლუნდი, ევროკავშირის დელეგაციის ყოფილი ხელმძღვანელი საქართველოში და დოქტორი თამარა კოფმან ვიტესი, NDI-ის პრეზიდენტი.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, დელეგაცია შეხვედრებს გამართავს სხვადასხვა აქტორთან, არჩევნების დღეს მისია საქართველოს ცხრა რეგიონის და თბილისის საარჩევნო უბნებში კენჭისყრის პროცესს სრულად დააკვირდება. არჩევნების შემდეგ, მისია წარადგენს წინასწარ ანგარიშს.