23 ნოემბერი 2024,   13:46
ვრცლად
კონკრეტულ პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებული ჯგუფები საპროტესტო მუხტის ხელოვნურად შექმნის მოტივით, ფალსიფიცირებული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების გავრცელებას გეგმავენ - სუსი მოქალაქეებს აფრთხილებს

არჩევნებამდე 10 დღით ადრე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოქალაქეებს აფრთხილებს. განცხადებით, რომელიც უწყებამ დღეს დილით გაავრცელა, ირკვევა, რომ კონკრეტულ პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებული ჯგუფები საპროტესტო მუხტის ხელოვნურად შექმნის, დესტაბილიზაციის და დაპირისპირების მოტივით, ფალსიფიცირებული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების გავრცელებას გეგმავენ. ამ ჩანაწერების შექმნისთვის, სუსის ცნობით, ხელოვნურ ინტელექტს გამოიყენებენ.

უსაფრთხოების სამსახურს აქვს ინფორმაცია, რომ სწორედ თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით ყალბ ვიდეო-აუდიო მასალაში გამოჩნდებიან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები. გრიგოლ ლილუაშვილის უწყებაში ამბობენ, რომ ფაქტს დეტალურად უკვე სწავლობენ.

სუსის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მნიშვნელოვანია პრემიერ-მინისტრისთვის. ირაკლი კობახიძე ფიქრობს, რომ შესაძლო პროვოკაციების მიღმა, რაზეც ძალოვანი უწყება საუბრობს, ოპოზიციური პარტიები დგანან. პრემიერი ამბობს, რომ ოპონენტების მიზანი, არჩევნებზე ნეგატიური გავლენის მოხდენაა, რასაც ნებისმიერი მცდელობის მიუხედავად, ოპოზიცია ვერ შეძლებს.

ოპოზიციაში ამტკიცებენ, რომ წინასაარჩევნოდ არანაირი ფალსიფიცირებული ვიდეო-აუდიო ჩანაწერების გავრცელებას არ აპირებენ. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ გარკვეული ჩანაწერების გასაჯაროვებას მმართველი გუნდი გეგმავს და დღეს უსაფრთხოების სამსახურმა განცხადება პრევენციის მიზნით გააკეთა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება მოულოდნელი არ ყოფილა "ქართული ოცნებისთვის". მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ძალოვანი უწყების ინფორმაცია კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რაზეც თავადაც უკვე რამდენიმე თვეა საუბრობენ, რომ ოპოზიცია არა 26 ოქტომბრისთვის, არამედ არჩევნების შემდეგ არეულობისთვის ემზადება.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე სულ ცოტა დრო რჩება, პოლიტიკური პარტიები საარჩევნო კამპანიის ბოლო ფაზაში არიან, ზუსტად 10 დღეში ამომრჩეველი საკუთარ არჩევანს საარჩევნო ყუთთან გააკეთებს.

დღის ამბები