ვაკის რაიონში, ნუცუბიძის I მიკრორაიონის N213-ის პირველი და მეორე კორპუსების დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდების რეაბილიტაცია დაიწყო, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
"აღნიშნული ხიდები, თავისი ვიზუალით, არქიტექტურული შინაარსით ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს არა მხოლოდ საქართველოში მცხოვრებთა შორის, არამედ ტურისტებშიც. ეს ნაგებობები იყო უმძიმეს მდგომარეობაში. საბჭოთა კავშირის დროიდან მისი რეაბილიტაცია არ ჩატარებულა. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ის მოვაწესრიგოთ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად. ხიდებზე არსებული დაზიანებული უბნები აღდგება და ბუნებრივი ქვის ფილებით მოპირკეთდება, მოეწყობა ახალი კიბე და შშმ პირებისთვის პანდუსები, ჩატარდება ჰიდროსაიზოლაციო სამუშაოები, ხიდებზე დამონტაჟდება ლითონის მოაჯირები, ასევე, გარე განათების ქსელი და ლამპიონები“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, აღნიშნული საფეხმავლო ხიდების სარეაბილიტაციო სამუშაოებს ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური განახორციელებს.
სამუშაოები 2025 წლის იანვარში დასრულდება.