27 ნოემბერი 2024,   09:00
ვრცლად
პოლიტიკური გადალაგებების, მედიაციის და ვერ შემდგარი ერთობების კვირა - ვითარება ოპოზიციაში

პოლიტიკური გაერთიანების ლელო ვერ დაიდო. გახარია-ხაზარაძის სამ დღიანი და კიდევ უფრო მეტ რაუნდიანი მოლაპარაკებები უშედეგო აღმოჩნდა. ბედის დაკავშირება წარსულში ერთმანეთის მტრებმა პრეზიდენტის ინიციატივით მოსინჯეს, თუმცა ამ პოლიტიკურ გზაჯვარედინზე წერტილიც მალე დაისვა.

აღიარებასთან ერთად იყო სინანულიც. გიორგი გახარიამ ღიად თქვა, რომ გადაწყვეტილება უფრო ადრე უნდა მიეღო, მაშინ, როდესაც ნეიტრალური პლატფორმის პუნქტი დათმო. თუმცა მოლაპარაკებები ჩიხში მხოლოდ ამ ერთი საკითხის გამო არ აღმოჩნდა. ყოფილი პრემიერის საარჩევნო სიაში არყოფნა, პარიტეტის დაცვა, ყოფილ და მოქმედ ხელისუფლებასთან არ თანამშრომლობა - გიორგი გახარიამ დახურულ კარს მიღმა მიმდინარე პროცესებზე უკვე ღიად ისაუბრა.

ტელე ეთერით პაექრობა, არც მამუკა ხაზარაძემ დააყოვნა. იმის მიუხედავად, რომ გაიჟღერა სიტყვა სპეცოპერაციამ, "ლელოს" ლიდერმა გაკვირვება ვერ დამალა - რატომ თქვა უარი გახარიამ 9 პუნქტიან შეთანხმებაზე, რომელიც მაგიდაზე იდო, მათ შორის, შეჯერებული საარჩევნო სიაც.

რამ და ვინ ჩაშალა რეალურად მოლაპარაკებები? - ლიდერებმა თითი ერთმანეთისკენ გაიშვირეს. ერთ-ერთ მიზეზად დასახელდა კოალიციის არ შექმნა "ნაციონალურ მოძრაობასთან". თუმცა გახარიას პარტიას ყოფილ სახელისუფლებო გუნდთან თანამშრომლობა საკრებულოებში უკვე გამოცდილი აქვს. მაგალითად რუსთავის, ჩხოროწყუსა და სენაკის თვითმმართველ ორგანოში, სადაც თავმჯდომარედ ყოფილი პრემიერის პარტიის წევრის არჩევას, მხარი სწორედ "ნაციონალურმა მოძრაობამ" დაუჭირა. სააკაშვილის პარტიასთან თანამშრომლობის გზაზე იდგა მამუკა ხაზარაძეც. 2021 წელს, როდესაც კოალიციური კაბინეტის დასახელებისას, მაშინდელმა "ნაციონალმა" და თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ გამარჯვების შემთხვევაში მისი მოადგილე სწორედ მამუკა ხაზარაძე იქნებოდა.

წარსულს ახსოვს ვერ შემდგარი ერთობის მთავარი მოქმედი გმირების დაპირისპირების ქრონოლოგიაც. ყველაფერი კი 2019 წლიდან იწყება. უკანონო შემოსავლების ლეგალიზების ბრალდების წარდგენის შემდეგ, ხაზარაძემ ხელისუფლების კრიტიკა დაიწყო, მთავარი ადრესატი კი მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია იყო. მაშინდელი ბანკირი, მაშინდელ მინისტრს მუქარის შემცველი წერილის გაგზავნაში ადანაშაულებდა. ხაზარაძე, გახარიასვე ადანაშაულებდა ანაკლიის პროექტის ჩაგდებაში, თუმცა წლების შემდეგ საარბიტრაჟო სასამართლომ სულ სხვა რამ თქვა - მამუკა ხაზარაძემ საერთაშორისო დავა წააგო. ერთმანეთის მიმართ გაჟღერებული ის ეპითეტები, რომელიც თავად დაივიწყეს, ახსოვს არქივს.

სანამ ორბელიანების სასახლეში და ტელე ეთერებში გახარია-ხაზარაძის ბედი წყდებოდა, ახალი ინიციატივა გაჩნდა ციხიდან. წინასაარჩევნოდ გამსხვილება ყოფილ პრეზიდენტსაც მოუნდა და ყოფილი თანაპარტიელები ისევ "ნაციონალურ მოძრაობაში" დაპატიჟა.

პასუხმა დააყოვნა, თუმცა საბოლოოდ ახლებმა ძველებს უარი უთხრეს და იქ დაბრუნება, საიდანაც ზოგი გვიან, ზოგი კი უფრო გვიან წამოვიდა - აღარ ისურვეს.

ამ ამბის დასასრულიც წინას დაემსგავსა - ერთობა აქაც ვერ გამოვიდა. შეიცვლება თუ არა პოლიტიკური სუბიექტების გეგმები - ეს უცნობია, თუმცა დრო სულ ცოტა რჩება. პარტიებს სიების წარდგენა 26 სექტემბრამდე შეუძლიათ.

დღის ამბები