24 ნოემბერი 2024,   07:16
ვრცლად
ურთიერთმიტევება შემდგომი რეინტეგრაციისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის - ბიძინა ივანიშვილის მშვიდობის ფორმულას ოპოზიცია არ იზიარებს

მიტევება და ქრისტიანულ მორალზე დაფუძნებული დიპლომატია, რომელმაც ქვეყნის მშვიდობანი გაერთიანება უნდა უზრუნველყოს - ასეთია მმართველი პარტიის სტრატეგია, რომელიც პარტიის საპატიო თავმჯდომარემ გორში, წინასაარჩევნო შეხვედრაზე გააჟღერა. ბიძინა ივანიშვილის გამოსვლას მალევე ოპოზიციის მწვავე კრიტიკა მოჰყვა.

დღეს, საპარლამენტო უმრავლესობაში კიდევ ერთხელ განმარტეს, რომ სიტყვების არასწორი ინტერპრეტირების მცდელობა მათ ოპონენტებს არ გამოუვათ. პოლიტიკოსებმა საზოგადოებას საერთაშორისო სასამართლოებში ოცნების ხელისუფლების დროს მოგებული საქმეებიც შეახსენეს და თქვეს, რომ მშვიდობიან რეინტეგრაციას ალტერნატივა არ აქვს.

ხელისუფლების მშვიდობის ფორმულა, ამ ფორმით, მიუღებელია ოპოზიციისთვის. "ნაცმოძრაობამ" დღეს ამ საკითხს სპეციალური ბრიფინგიც კი მიუძღვნა. ყოფილ სამთავრობო პარტიაში ამბობენ, რომ "ოცნების" განცხადებები ქვეყნის ინტერესებს აზიანებს. ოპოზიციის ნაწილი საარჩევნო პოპულიზმზე საუბრობს.

მმართველი პარტიის დამფუძნებელს პოლიტიკური წინდახედულობა დღეს "გირჩში" დაუწუნეს. პარტიაში ფიქრობენ, რომ საუბარი ურთიერთმიტევებაზე მხოლოდ 90-იანი წლების საკითხს შეიძლება უკავშირდებოდეს და არა 2008 წლის ომს.

ოპონენტების განსაკუთრებული კრიტიკა მმართველ გუნდში არ გაჰკვირვებიათ. "ქართული ოცნების" ლიდერების თქმით, ოპოზიციის რეაქციამ ბიძინა ივანიშვილის სამშვიდობო შეთავაზებებზე მათი მორიგი ლუსტრაცია მოახდინა. ომი მშვიდობის სანაცვლოდ, ქაოსი სტაბილურობის ნაცვლად - ასე ხედავენ სახელისუფლებო პარტიაში ოპონენტების პოზიციას. ლიდერებმა დღეს კიდევ ერთხელ განმარტეს, რომ ბოდიში და ურთიერთპატიება მხოლოდ მშვიდობიანი მოსახლეობის რეინტეგრაციისკენ იყო მიმართული და ის ომის დამნაშავეებს არ ეხებოდათ.

არჩევნებამდე 40 დღე რჩება. პოლიტიკური პარტიები აქტიურ საარჩევნო კამპანიას განაგრძობენ. გორში, წინასაარჩევნო შეხვედრის ფარგლებში, მმართველი პარტიის დამფუძნებელმა მოქალაქეებს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი აღდგენისა და რეინტეგრაციის საკუთარი ხედვა გააცნო.

დღის ამბები