24 ნოემბერი 2024,   08:14
ვრცლად
პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსი - დოკუმენტზე არჩევნებისთვის რეგისტრირებული 27 პარტიიდან მხოლოდ 6-ის ხელმოწერაა

პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსზე ხელი, საპარლამენტო არჩევნებისთვის რეგისტრირებული 27 პარტიიდან, მხოლოდ 6-მა მოაწერა. დოკუმენტი ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ევროპულ პრინციპებზე დაყრდნობით შეიმუშავა და, როგორც განმარტავენ, მიზანი წინასაარჩევნო კამპანიის მშვიდ და სტაბილურ ვითარებაში წარმართვაა.

კოდექსი პარტიებს სთავაზობს, წინასაარჩევნო პერიოდში პატივი სცენ ამომრჩეველთა უფლებებს, თავი შეიკავონ დეზინფორმაციის გავრცელებისგან და სიძულვილის ენისგან. ცესკო-ში უკვირთ, რატომ თქვა პარტიების უმეტესობამ საერთო პრინციპების მხარდაჭერაზე უარი, მითუმეტეს მაშინ, როდესაც საარჩევნო კომისია მზად იყო, სურვილის შემთხვევაში, კოდექსის ტექსტზე საარჩევნო სუბიექტებთან ერთად ემუშავა.  

ხელმომწერთა შორის დიდი, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები არ არიან. "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ლელოში" მიაჩნიათ, რომ კოდექსს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და ირწმუნებიან, რომ წინასაარჩევნო პერიოდს თავად მშვიდ ვითარებაში ჩაატარებენ.

დოკუმენტს ხელს მხოლოდ 5 ოპოზიციური პარტია აწერს. მათ შორის არიან, ”შეცვალე საქართველო”, ”ევროპელი დემოკრატები”, ”სამართლიანობისთვის”, ”მესამე გზა” და ”ჩვენი გაერთიანებული საქართველო”. ხელმომწერები ფიქრობენ, რომ წინასაარჩევნო განხეთქილებები პოლიტიკურ პარტიებს შორის უნდა დასრულდეს. 

მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ მათი ოპონენტები არჩევნების შედეგების აღიარებას არ აპირებენ და ახლა ცდილობენ, წინასწარ მოამზადონ მიზეზები, რომელთა საფუძველზეც ქვეყანაში არეულობის შემოტანას შეეცდებიან.

ცესკო-ს ქცევის კოდექსი და ოპოზიციის დიდი ნაწილის გადაწყვეტილება დღეს პარლამენტის თავმჯდომარემაც შეაფასა.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ამბობენ, რომ პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსი უკვე მესამე არჩევნებისთვის შეიმუშავეს, თუმცა, მათი თქმით, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც პოლიტიკური პარტიების უმრავლესობამ დოკუმენტის ხელმოწერაზე უარი თქვა.

დღის ამბები