ომი უკრაინაში - საოკუპაციო ძალებმა ხარკოვის ოლქი დაბომბეს, დაიღუპა 2 ადამიანი, დაჭრილია 13. იერიშები იყო სუმის ოლქშიც. დაიჭრა 2 ადამიანი. უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქის კიდევ სოფელი, სოფელი ვოდიანე აიღეს და რამდენიმე საბრძოლო მიმართულებებზე წინ წაიწიეს.
"იტალიაში "დიდი შვიდეულის" ფორუმის ფარგლებში ამერიკის კონგრესის დელეგაციას შევხვდი. ვსაუბრობდით უკრაინის გამარჯვების გეგმაზე და ამ გეგმის განხორციელების დეტალებზე. ყველა ნაბიჯს სრულად წარვუდგენთ აშშ-ის პრეზიდენტ ბაიდენს და ორივე საპრეზიდენტო კანდიდატს, ტრამპსა და ჰარისს. ჩვენი მთავარი ამოცანა უკრაინის და უკრაინელების პოზიციები მაქსიმალურად გავამყაროთ. ჩვენი ქალაქები და სოფლები რუსული ტერორისგან დავიცვათ. ფრონტის წინა ხაზზე ჩვენს სამხედროებს ეფექტური ქმედებისთვის შესაძლებლობები მივცეთ. პოკროვსკის, ტორეცკის და კურახოვის მიმართულებებზე რუსი სამხედროების მაქსიმალური კონცენტრაციაა. მადლობა ყველა ბრიგადას და ქვედანაყოფს, რომელიც მედგრად იცავს საკუთარ პოზიციებს," - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.