24 ნოემბერი 2024,   14:05
ვრცლად
ხელისუფლებაში "ქართული ოცნების" მოსვლის შემდეგ, სამცხე-ჯავახეთმა ახალი სიცოცხლე შეიძინა, რეგიონის ქალაქების რეაბილიტაციაზე 130 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, სრულად გამოცვალა ინფრასტრუქტურა, მოწესრიგდა და გალამაზდა ყველა ქალაქი - ბიძინა ივანიშვილი

ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, სამცხე-ჯავახეთმა ახალი სიცოცხლე შეიძინა; მოწესრიგდა და განვითარდა ინფრასტრუქტურა, რამაც ამ კუთხის საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალის ზრდას შეუწყო ხელი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, ახალციხეში, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.

მან ვრცლად ისაუბრა მმართველი გუნდის მიერ რეგიონში განხორციელებულ პროექტებსა და სხვადასხვა მიღწევაზე, ასევე აღნიშნა, რომ ამ მრავალეთნიკური კუთხის თითოეულ მცხოვრებს, თანაბრად მიუწვდება ხელი ყველა იმ პრივილეგიაზე, რითაც საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე სარგებლობს.

„სოფლის მეურნეობის სფერო ვითარდება და თავისუფლად ახერხებთ მანამდე დაკეტილ ბაზრებზე საკუთარი პროდუქციის რეალიზებას; ამასთანავე, მთელი რიგი შეღავათებითა და თქვენს ინტერესებზე მორგებული სახელმწიფო პროგრამებით, ვცდილობთ, მაქსიმალურად შეგიწყოთ ხელი;

აბასთუმნისა და ბორჯომის უნიკალური ბუნება არათუ აღარ ნადგურდება, არამედ განსაკუთრებულადაა დაცული, რაც, ერთი მხრივ ეკოლოგიის დაცვის, მეორე მხრივ კი რეგიონში ჩადებული მნიშვნელოვანი ინვესტიციების ერთ-ერთი მთავარი საწინდარია; და რაც მთავარია - თქვენი ჯანმრთელობა და კეთილდღეობა დღეს სახელმწიფოს განსაკუთრებული ზრუნვის საგანია; პატიოსანი შრომა დაფასებულია და ოჯახებში გაზრდილია კეთილდღეობის ხარისხი; თქვენს შვილებს განათლებაზე თავისუფლად მიუწვდებათ ხელი და ამ მრავალეთნიკური კუთხის თითოეული მცხოვრები, მიუხედავად მისი ეთნიკური, თუ რელიგიური კუთვნილებისა, თავისუფლად სარგებლობს ყველა იმ პრივილეგიით, რითაც საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე.“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, განახლებული რეგიონების ფარგლებში, სრულად გამოიცვალა ინფრასტრუქტურა, მოწესრიგდა და გალამაზდა რეგიონის ყველა ქალაქი.
მან ხაზი გაუსვა 2023 წელს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ტურისტების რეკორდულ მაჩვენებელს და აღნიშნა, რომ რეგიონი სრულ შესაბამისობაშია თანამედროვე ტურიზმის მოთხოვნებთან.

„განახლებული რეგიონების ფარგლებში, რეგიონის ქალაქების რეაბილიტაციაზე 130 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, სრულად გამოცვალა ინფრასტრუქტურა, მოწესრიგდა და გალამაზდა ყველა ქალაქი.

2014 წლიდან დღემდე, რეგიონში, სადაც არ არსებობდა სასმელი წყალი, „ქართულმა ოცნებამ“ 350 მილიონი ლარის პროექტები განახორციელა. 2013 წლიდან დღემდე, ჩვენმა ხელისუფლებამ 11 500 აბონენტს მისცა ბუნებრივ აირზე წვდომა, რეგიონის სრული გაზიფიცირება კი 2025 წელს დასრულდება. 2012 – 2024 წლებში სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ჯამურად აშენდა 5 ჰიდროელექტროსადგური, ჯამური დადგმული სიმძლავრით - 99 მეგავატი, გარდა ამისა, მშენებლობის ან კვლევების ეტაპზეა 18 ჰიდროელექტროსადგურის პროექტი - ჯამური დადგმული სიმძლავრით 112 მეგავატი. რაც მთავარია, ყველა ეს პროექტი განხორციელდა და ხორციელდება ისე, რომ მინიმალური ზიანიც არ მიადგეს უნიკალურ ეკო სისტემას.

ჩვენი ხელისუფლებისგან განსაკუთრებული მხარდაჭერით სარგებლობენ ადგილობრივი მეწარმეები და მცირე ბიზნესი. ჩვენი ხელშეწყობით, რეგიონში სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამებიდან დაიხარჯა 300 000 მილიონი ლარი, რაც სრულად მოხმარდა მეწარმეთა მხარდაჭერას. შედეგად, შექმნილია დამატებითი 4 000 სამუშაო ადგილი და ეს პროცესი აუცილებლად გაგრძელდება.

განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ტურიზმის განვითარებას. 2023 წელს, სამცხე ჯავახეთის რეგიონში დაფიქსირდა ნახევარი მილიონი ვიზიტორი, რაც არის რეკორდული მაჩვენებელი და რაც არსებული ტურისტული ინფრასტრუქტურის და ტურისტული ადგილების მოწესრიგებამ, ასევე ახალი ტურისტული ობიექტების მშენებლობამ განაპირობა. დღეს, სამცხე - ჯავახეთი სრულად უწყობს ფეხს თანამედროვე ტურიზმის მოთხოვნებს.“ - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

დღის ამბები