27 ნოემბერი 2024,   09:05
ვრცლად
"ქართული ოცნება" ოპოზიციას ბუნდესტაგის წარმომადგენლების ვიზიტზე დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს - საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციას პროტოკოლის წესებზე მიუთითებს

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, პროტოკოლის წესების განმარტებით იმ კრიტიკას პასუხობს, რომელიც გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებთან შეხვედრას მოჰყვა. მმართველი პარტიის დეპუტატი, რომელიც თავად შეხვდა გერმანელ კოლეგებს, ამბობს, რომ მსგავსი ტიპის ვიზიტები ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებთან აუდიენციას არ ითვალისწინებს. გარდა პროტოკოლისა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სხვა მიზეზებსაც ასახელებს - იხსენებს იმ განცხადებებს, რომელიც საქართველოსთან მიმართებით ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაილ როთიმ არაერთხელ გააკეთა. სამხარაძის თქმით, ეს განცხადებები მიუღებელი იყო და ამაზე, კომიტეტს ოფიციალური განმარტება არ გაუკეთებია. მისი თქმით, შეხვედრაზე კოლეგებთან, მათ შორის, ამ საკითხზეც გაამახვილა ყურადღება.

დელეგაცია გერმანიიდან შეხვედრებს სამი დღის განმავლობაში მართავდა. ვიზიტი ბუნდესტაგის წევრებმა მედიასთან ბრიფინგზე შეაჯამეს, სადაც თქვეს, რომ ხელისუფლებამ უარი თქვა მათთან შეხვედრაზე. საკითხი აქტუალური სწორედ ამის შემდეგ გახდა. ამ განცხადებას მალევე, სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარეც გამოეხმაურა.

შალვა პაპუაშვილმა დაწერა, რომ მიუღებელია, როდესაც ვიზიტად მყოფი სტუმრები, თავად წყვეტენ ვის და როდის შეხვდნენ.

მმართველის პარტიის მიმართ ამ საკითხზე კრიტიკა ოპოზიციის ნაწილისგანაც ისმის. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ გერმანიის ბუნდესტაგის ვიზიტი საქართველოში მნიშვნელოვანი იყო და შეხვედრისთვის დრო პარლამენტის თავმჯდომარესაც უნდა გამოეყო. მათი თქმით, ამ ფორმით "ქართული ოცნება" პარტნიორების მიმართ საკუთარ მკვეთრ პოზიციას გამოხატავს.

ერთადერთი პარტია, რომელიც ამ საკითხში პრობლემას ვერ ხედავს, "გირჩია."

მმართველი პარტია ოპოზიციას დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ იმასაც, რომ უცხო ქვეყნის პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან წინასაარჩევნოდ გაკეთებული განცხადებები შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევად აღიქმება.

გერმანიის ბუნდესტაგის სპიკერები სამი დღის განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციებს, ექსპერტებსა და პოლიტიკოსებს ხვდებოდნენ. საუბრის მთავარი თემა, ყველა შეხვედრაზე, წინასაარჩევნო გარემო და უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი იყო.

 

დღის ამბები