საპატრიარქოში მღვდელმთავრების შეხვედრა დასრულდა. სასულიერო პირების განცხადებით, განხილვის თემა იყო ხელისუფლების შეთავაზება - როგორ შეიძლება ქართული ეკლესიის როლი კიდევ უფრო გამყარდეს საქართველოს კონსტიტუციით. თითქმის 4 საათიან კონსულტაციას მაღალი იერარქიის სასულიერო პირებთან ერთად, საპატრიარქოს იურისტები და კონსტიტუციონალისტები ესწრებოდნენ.
"ეს არის სასიკეთო ურთიერთობა, რომელსაც ერთმანეთის მიმართ არავითარი ანტაგონიზმი არ გააჩნია, არც სახელმწიფო აპირებს ეკლესია რაღაცით დასაჯოს და არც ეკლესია აპირებს სახელმწიფოს საქმეებში ჩაერიოს - უბრალოდ როგორ შეიძლება კიდევ უკეთესი იყო. თუმცა, ახლავე შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან კარგი პოზიცია აქვს დღეს მართლმადიდებელ ეკლესიას, რომელიც 2002 წელს მიღებული საკონსტიტუციო შეთანხმებით განისაზღვრება. ახლა ამას თუ გავაუმჯობესებთ ცოტათი, თორემ, მეტი არაფერზე არ ყოფილა საუბარი,"- აცხადებს ახალქალაქისა და კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი).