უკვე 4 საათზე მეტია საპატრიარქოში მღვდელმთავრების შეხვედრა მიმდინარეობს. სასულიერო პირების განცხადებით, განხილვის თემა არის ხელისუფლების შეთავაზება - როგორ შეიძლება ქართული ეკლესიის როლი კიდევ უფრო წარმოჩინდეს საქართველოს კონსტიტუციაში. კონსულტაციებს მაღალი იერარქიის სასულიერო პირებთან ერთად, საპატრიარქოს იურისტები და კონსტიტუციონალისტები ესწრებიან.
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი აცხადებს, რომ ის შეხვედრიდან გამოვიდა და საკითხის განხილვაში შესვლას არ აპირებს:
"იმ დონის საკითხია, რომ ასე დაჩქარებულად განხილვას არ უნდა ექვემდებარებოდეს, ამიტომ, პირადად მე არ შევედი განხილვაში და არც ვაპირებ. მეტი სიდინჯით მიდგომა სჭირდება ამას და მეტი დაფიქრება. ამიტომ, მე არ მიმაჩნია, რომ დღეს სახელდახელოდ, სასწრაფოდ საჭირო იყოს ამის განხილვა. ეკლესიის სტატუსს რაც შეეხება, როდესაც საკონსტიტუციო შეთანხმებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მზადდებოდა, მაქსიმალურად შესწავლილი იყო ამ მიმართულებით არსებული გამოცდილება და იქნა კიდეც მიღებული. მისი უწმინდესობა მაშინ არ იყო მომხრე ამ სტატუსის. დღეს კი, რაც მე ვიცი, საუბარი არ არის სახელმწიფოებრივ რელიგიის სტატუსზე, შემოთავაზება არის, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სტატუსი კიდევ უფრო განმტკიცდეს,"- აცხადებს ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი.